„ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ, ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რისი მოლოდინი მქონდა და რისი მოლოდინი არ მქონდა. მოხდა ის, რაც მოხდა, საერთოდ, გადაჭარბებული მოლოდინები იმედგაცრუებას ბადებს“

ფოთისა და ხობის მიტროპოლოტი, მეუფე გრიგოლი:

„დღევანდელ დღეს ჩვენ ახალშობილ მაცხოვარზე უნდა ვისაუბროთ.არ არის ის დღე, რომ ჩვენ მიწიურ, ამსოფლიურ მეფეებზე და მოხელეებზე გავამახვილოთ ყურადღება.

რა თქმა უნდა, საშობაო ეპისტოლეში, ჩვენს გზავნილში შევეხეთ იმ მტკივნეულ საკითხებს, რომელიც არსებობს და იმედი მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეული გამოხმაურება ადამიანის გულში ექნება ჩემს გულისტკივილს, ჩემს ნათქვამს, რადგან ჩვენი ცხოვრება დიდი საზრისის მქონეა. თუ ამ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში გარკვეულწილად ართულებს ამ გზას, განსაცდელებს ქმნის, წავუყრუებთ, ისედაც რთული და გაუსაძლისი წუთისოფელი, კიდევ უფრო რთული და მძიმე ხდება.

ადამიანებმა არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ყოფა-ცხოვრება, პირიქით უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. თუ შეგვიძლია, ერთმანეთს შევუმსუბუქოთ ტვირთი. არ შეიძლება, ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყუროთ. მტერიც კი, რომელიც აშკარა მტერია, ბოღმა მის მიმართ არ უნდა ჩაიდო გულში, რადგან ბოღმა ბოღმის მატარებელს ანადგურებს და კლავს. სწორედ, როდესაც მაცხოვრის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ღმერთი არის ღმერთი სიყვარულისა და სიყვარული თუ გვიშველის ჩვენ და გადაგვარჩენს.

ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ, ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რისი მოლოდინი მქონდა და რისი მოლოდინი არ მქონდა. მოხდა ის, რაც მოხდა, საერთოდ, გადაჭარბებული მოლოდინები იმედგაცრუებას ბადებს.

იმედგაცრუებას ზიანის მეტი არაფერი მოაქვს, არც თვითონ ადამიანისთვის და არც საზოგადოებისთვის. ჯობია, პრაგმანტულები ვიყოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. ერთმანეთისგან ნუ მოვითხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე ადამიანს შეუძლია“, – უთხრა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე დეკანოზის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები