ცესკოს, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით ცხრა პარტიამ მიმართა

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცესკოს მიმართა, – არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტს განაგრძობენ. შესაბამისი თანხმობის წერილი დაფინანსების მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ და სხვებმა.

ამ დროის მონაცემებით, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავთ „პატრიოტთა ალიანსს“, ლეიბორისტულ პარტიას, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებს“, „ლელოს“ და „გირჩს“. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა, ბოიკოტი კი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას. იგივე პოზიცია აქვს ალეკო ელისაშვილს, რომლისთვისაც გაუგებარია, ერთი მხრივ, ბოიკოტი, მეორე მხრივ კი, დაფინანსებაზე განცხადების შევსება.

კომენტარები