წმიდა დიმიტრი როსტოველი: რატომ არ გაანადგურა უფალმა სიკვდილი დედამიწაზე

თუ ქრისტემ თავისი სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა, მაშ, რატომღა კვდებიან კვლავ ადამიანები? არსებობს სიკვდილის სამი სახე: ხორციელი, სულიერი და მარადიული სიკვდილი ანუ ჯოჯოხეთი.

ხორციელი სიკვდილი არის სულისა და ხორცის განშორება, მის შესახებ დავით მეფსალმუნე ბრძანებს: „მოუღი სული მათი და მოაკლდიან და მიწადვე თჳსად მიიქციან“ (ფს. 103:29).

სულიერი სიკვდილი ღვთის მადლის განშორებაა სულისაგან, რამეთუ „მხოლოდ სულიწმიდის მიერ ცოცხლობს ყოველი სული“. ამ სიკვდილს წარმოშობს ცოდვა, რომელიც ღვთის მადლს ისევე განაგდებს სულისგან, როგორც ღამე – სინათლეს. „ო, ადამიანო! – ბრძანებს იოანე ოქროპირი, – შენ დასტირი სხეულს, რომელსაც დაშორდა სული, მაგრამ არ დასტირი სულს, რომელსაც დაშორდა ღმერთი!“

მარადიული სიკვდილი არის გონიერი ქმნილების განშორება ღვთის რჩეულთაგან და ამოშლა ცოცხალთა წიგნიდან, რომლის შესახებ დავით მეფსალმუნე ბრძანებს: „აიჴოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთასა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ“ (ფს. 68:29). ამგვარად, ნუთუ სიკვდილის ყველა სახე დათრგუნა ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით?
ჩემი პასუხი ამგვარია: მან დათრგუნა, გაანადგურა მხოლოდ სიკვდილის ორი სახე: სულიერი და მარადიული. ადამიანო, გსურს, რომ ცოდვებით განპირობებულ სულიერ სიკვდილს განარიდო შენი სული და მარადიულ სიკვდილს ანუ ჯოჯოხეთს? მაშინ სინანულით მიეახლე ქრისტეს, ჩვენს მაცხოვარს. მას ძალუძს ცოდვილთა დახსნა ამ სიკვდილთაგან, ხოლო ხორციელი სიკვდილი კი ამქვეყნად დატოვა საუკუნეთა აღსასრულამდე.

ჩემო საყვარელო მაცხოვარო! რატომ დაუშვი, რომ ასეთმა მძვინვარე მხეცმა დაჯიჯგნოს შენი ადამიანები, რომლებიც შენი ფასდაუდებელი სისხლით გამოისყიდე და შენვე გეკუთვნიან? რითი ვინუგეშებთ ჩვენ ამქვეყნად, თუკი ასეთი სავალალო დასასრული გველის? „რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა?“ (ფს. 29:10). ძმებო, ნუ გამოვიძიებთ ღვთის გამოუკვლეველ განგებულებას: „მართალ ხარ შენ, უფალო და წრფელ არიან განკითხვანი შენნი“ (ფს. 118:137). ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ყველაფერს ბრძნულად განაგებს ჩვენს სასარგებლოდ და თუ მან არ გაანადგურა სიკვდილი მიწაზე, ამით მან სიკეთე მოგვმადლა ჩვენ.

ხორციელი სიკვდილი, პირველ რიგში, მან იმისათვის დატოვა, რომ ადამიანები განეშორონ და მოერიდონ ცოდვას. იცით კი, ძმებო, როგორ წარმოიშვა სიკვდილი და ვინ არის მისი მამა? სიკვდილი არის ცოდვის შვილი; ცოდვისაგან იშვა იგი, როგორც დაწერილია ამის შესახებ წმიდა წერილში: „გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს“ (იაკ. 1:15). აი, სიკვდილის სამწუხარო გენეალოგია! აი, მისი წარმომავლობა! როგორიცაა მისი მამა – ცოდვა, ისეთივეა მისი შვილიც – სიკვდილი; ნაყოფით იცნობთ მათ! ადამიანო, ნუთუ შენ ვერ ხედავ ცოდვის სიძაძაგლეს: დაუკვირდი სიკვდილს, შეხედე ცხედარს, რომელიც სიმყრალეს გამოსცემს და საძაგელი შვილის ანუ სიკვდილისაგან შეიცანი მისი საძაგელი მშობელი ანუ ცოდვა! თუკი ორი ან სამი დღის გვამს ისეთი სიმყრალე ასდის, რომ ყველა მისგან გაცლას ცდილობს, საკმეველს აკმევენ, აფრქვევენ კეთილსურნელებას, მით უფრო, რა დაემართება ამ გვამს საფლავში რამდენიმე დღის შემდეგ? ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა, რა სიმყრალე და საზიზღრობაა!.. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ცოდვამ წარმოშვა: ცოდვის მიერ შემოვიდა სიკვდილი, ცოდვის ნაყოფით იცნობთ მას! როდესაც ღმერთი რომელიმე ქალაქზე რაიმე განსაცდელს დაუშვებს, რამდენი უბედურება და მწუხარება ტრიალებს იქ! ადამიანები ერთმანეთს გაურბიან, თუმცა მოულოდნელად მაინც იხოცებიან, მომაკვდავებს უყურადღებოდ ტოვებენ, მკვდრებს კი საერთო სამარეში უსულგულოდ ყრიან… და ამ ყველაფერს აკეთებს ცოდვა. ცოდვით შემოვიდა სიკვდილი – ო, როგორი საძაგელია ცოდვა!.. როდესაც ბიბლიურმა იაკობმა თავისი საყვარელი შვილის, იოსების, სისხლიანი სამოსი იხილა, წამოიძახა: „მძვინვარე მხეცმა დაგლიჯა იგი, მძვინვარე მხეცმა შესანსლა ჩემი შვილი იოსები!“ ასევე ჩვენც, როდესაც სიკვდილს გავიხსენებთ, უნდა შევძახოთ: „მძვინვარე მხეცთა შორის ყველაზე მძვინვარე – ცოდვა – გლეჯს და ღუპავს ადამიანთა მოდგმას!“
მეორე მხრივ, ქრისტემ დედამიწაზე სხეულის სიკვდილი იმისათვის დატოვა, რათა ადამიანები გულით არ მიებან ამქვეყნიურ სიამოვნებებს და სხეულის სილამაზეს. ო, რა ხშირად იგესლება ადამიანის გული ამ სილამაზით! მაგრამ შეხედეთ, შემდეგ რად იქცევა იგი? გვამად, რომელიც მხოლოდ ყროლდება და მეტი არაფერი… აი, ამიტომ ეფრემ ასური ამგვარ რჩევას გვაძლევს: „როდესაც ავხორცობის ცეცხლი აღეგზნება შენს გულში, წარმოიდგინე ქალის ცხედარი, რომელსაც სამარეში ჭიები ჭამენ და ვნების ცეცხლი ჩაქრება შენში“.

მესამე მიზეზი იმისა, თუ რატომ დატოვა ქრისტემ ხორციელი სიკვდილი დედამიწაზე, ის არის, რომ ჩვენი ბოროტი ხასიათი გამოვასწოროთ. ხედავს ყოვლისშემძლე ღმერთი თავისი ყოვლისმხილველი თვალით, რომ ადამიანი თავისი ავხორცობით უგუნურ პირუტყვს დაემსგავსა და განუწყვეტლივ მოუწოდებს ცოდვილებს: „ნუ იყოფით, ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა“ (ფს. 31:9). ხედავს ღმერთი, რომ ადამიანი იქით მიდის, საითაც ცოდვილი ჩვევები ეწევიან და რომ თითოეული მხოლოდ იმას ცდილობს, რომ თავის ხორცს ასიამოვნოს და არაფერი მოაკლოს მას, ამიტომაც მოუწოდებს: „ნუ იყოფით, ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა“, მაგრამ ყველაფერი ამაოა, ღმერთო ჩემო: არ ისმენენ ადამიანები შენს მცნებებს, არ გულისხმაყოფენ, უტკბილესო, შენს დარიგებებს! სიბრიყვემ უგუნურ პირტყვს დაამსგავსა ისინი, არ სურთ შენი მაცხოვნებელი სიტყვების მოსმენა: „და არა ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა ; დრტჳნვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ჴმაჲ უფლისაჲ . “ (ფს. 105:24 – 25).

და რას აკეთებს ამის შემდეგ ყოვლადმოწყალე უფალი? იგი სიკვდილის აღვირით თოკავს ადამიანის უგუნურ მისწრაფებას ყოველგვარი ბოროტებისადმი: „ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი“ (ფს. 31:9). იცით თქვენ, ძმანო, რისგან აკეთებენ აღვირს – ქამრისგან, მკვდარი ტყავისგან. აი, ასეთი აღვირით ანუ სიკვდილით ზღუდავს ღმერთი ადამიანის დაუცხრომელ ბოროტებას: „ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი“! ამით კი თითქოს ამას ამბობს: „არაფერი გათვინიერებს შენ, უგუნურო პირუტყვო, ჩემს ტკბილ მცნებებს შეურაცხყოფ და არაფრად აგდებ, ამბობ: „განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი“ (ფს. 2:3). აი, შენ სიკვდილის აღვირი, ის მოათვინიერებს შენს პირუტყვულ ხასიათს!

ამგვარად, ყოვლადმოწყალე ღმერთი სიკვდილით აშინებს თავნება ცოდვილებს, მართლმადიდებლებო, ისევე, როგორც მსაჯული, რომელიც, უკიდურეს შემთხვევაში, სახრჩობელას აღმართვას ბრძანებს, რათა ბოროტმოქმედებმა მისი დანახვით მაინც შეწყვიტონ ბოროტება. შეხედეთ როგორ ათვინიერებს ღმერთი დაუმორჩილებელ აბობოქრებულ ზღვას? როგორ აჩერებს იგი მის მძვინვარე ტალღებს? მხოლოდ ქვიშით: დაუდეს ზღვას ზღუდედ ქვიშა! და რა არის ადამიანი, დაუმორჩილებელი თავისი ბოროტი სურვილებით, თუ არა მძვინვარე ზღვა, რომელიც აღელვებულია მტრის მიერ (იუდ. 1:13) და რითი მოათვინიერებ ამ სასტიკად აღძრულ ქარიშხალს? ისევ ქვიშით: „რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად -ცა მიიქცე“ (შესაქმ. 3:19), – ბრძანებს უფალი! დაუდეს ზღვას ზღუდედ ქვიშა! „საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჴდენ“ (ფს. 103:9).

მეოთხე მიზეზი იმისა, რომ მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, სიკვდილი დატოვა დედამიწაზე, ისაა, რომ მოათვინიეროს და დააცხროს ადამიანური ამპარტავნება. რომ არა სიკვდილი, რას არ იკადრებდნენ ადამიანები, ამპარტავნებით აღვსილნი?! ალექსანდრე მაკედონელი, მრავალი ერისა და სამეფოს დამპყრობელი, ისე გაამპარტავნდა და ისეთ უგუნურობამდე მივიდა, რომ საკუთარ თავს ღმერთს უწოდებდა, და ამ ვითომ ღმერთს რომ ეცხოვრა დაუსრულებლად, რამდენ სისაძაგლეს და ბოროტებას ჩაიდენდა? ამპარტავნების რა სიმაღლეზე ავიდოდა? ისედაც იმას ამბობდა, რომ ერთი ხელით აღმოსავლეთი ეპყრა, მეორეთი კი – დასავლეთი, ასე რომ, საკუთარ თავს ადამიანად აღარც მიიჩნევდა! მაგრამ სიკვდილმა მას თვალები აუხილა: 32 წლის ასაკში ამ თითქოსდა ღმერთმა სხვა მოკვდავთა მსგავსად დაასრულა თავისი ცხოვრება, მის მიმართაც აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ … ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი მთავართაგანი, დაეცემით“ (ფს. 81:6-7).

არის სხვა მიზეზებიც, თუ რატომ არ გაანადგურა უფალმა სიკვდილი: მან იგი დატოვა ღატაკთა, სნეულთა და სულგამწარებულთა სანუგეშოდ, რომელთაც სურთ, რომ სიკვდილში მაინც ჰპოვონ სიმშვიდე, მაგრამ განსაკუთრებით სანუკვარია სიკვდილი ღვთის რჩეულთათვის, რომელთაც სძულთ ამქვეყნიური ყოფა, რომელიც სავსეა ამდენი უბედურებით და მთელ თავიანთ იმედს ამყარებენ ზეციურ სამყოფელზე, სადაც უცხოა მწუხარება და ხრწნა და ყოველი მათგანი მოციქულთან ერთად წარმოთქვამს ამ სიტყვებს: „გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად“ (ფილ. 1, 23). „უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?“ (რომ. 7:24). „ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს“ (ფილ. 3:20).

მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო – გადადით ლინკზე: http://orthodox.ge/publication/ratom-ar-gaanadgura-ufalma-sikvdili-dedamiwaze?fbclid=IwAR1Fy_JjCpJLHpLdMySeUzaQAXmV03dK1HnVGw3wFeHD1OzKFI1mYhi8khI

დედანი: http://glinskie.ru/

კომენტარები