„ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი ღიმილისმომგვრელია პანდემიის პირობებში, თან იმ პანდემიის პირობებში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა გამოცხადებული“ – გიორგი გახარია ოპოზიციაზე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ოპოზიციური ძალების იმ წარმომადგენლების საპასუხოდ, რომლებიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას აკრიტიკებენ,  საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა:

-„ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი ღიმილისმომგვრელია პანდემიის პირობებში, თან იმ პანდემიის პირობებში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა გამოცხადებული“.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მიმართა:

„ბოლობოლო, ამ ხალხს დაანახეთ, ეს ორი თვე, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობა როგორ იქცეოდა.

ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ გამოხატვის თავისუფლება პრობლემა არაა. ესაა უპასუხიმგებლო დამოკიდებულება იმ თემებზე, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ასევე სიღარიბის დაძლევასა და ხარისხიან არჩევნებს ეხება. აქ დათმობის არც უფლება, არც შესაძლებლობა და საშუალება, უბრალოდ, არ გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს ნაბიჯებში თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ.

ეს კრიზისი შეგვიძლია, შესაძლებლობად გამოვიყენოთ და ამის ძირითადი გასაღები იმაშია, რომ მას, სხვებთან შედარებით, უკეთ გავუმკლავდით. ამის შესაძლებლობა მოგვცა დროულმა რეაგირებამ და შეზღუდვებმა. ამ ნაწილში, ყველაფრის მიუხედავად, საკონსტიტუციო პროცესი იქნება თუ საკანონმდებლო ჩარჩო, არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ უკან დავიხიოთ. ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია და საკონსტიტუციო წესრიგი დაწესებულია იმისთვის, რომ მისი უპირველესი ღირებულება, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. არავინ იცის, ამ კრიზისიდან რომ გამოვალთ, მსოფლიო როგორი იქნება. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა, ფრთხილად ავამოქმედოთ, პოლიტიკური პროცესი გავაცოცხლოთ, არჩევნები ნორმალურად ჩავატაროთ“.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

კომენტარები