ჯუზეპე ვერდის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოში გაიმართება

კომპოზიტორ ჯუზეპე ვერდის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოში გაიმართება. ფესტივალი ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმაში იმართებოდა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფესტივალი საზეიმო ვითარებაში 16 აგვისტოს გაიხსნება.

ფესტივალი საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში პირველად გაიმართება იტალიის ფარგლებს გარეთ.  გასულ წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და პარმის ოპერის სამეფო თეატრს შორის სამწლიანი ხელშეკრულება დაიდო.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ ხელი მოაწერა კონტრაქტს ვერდის საერთაშორისო ფესტივალთან. სპექტაკლები არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართება.

ვერდის სახელობის ფესტივალში თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის და არტისტების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ოპერის ცნობილი მომღერლები, დირიჟორები და რეჟისორები. ფესტივალი გაიხსნება ოპერით „ბალ-მასკარადი“, ხოლო  23 აგვისტოს ფესტივალი უკვე გადაინაცვლებს დასავლეთ საქართველოში. საკონცერტო დარბაზში Black Sea Arena-ზე წარმოდგენილი იქნება ოპერა „აიდა“ („არენა დი ვერონას“ სცენაზე დადგმული სპექტაკლის ვერსია).

ფესტივალის პარტნიორია უმსხვილესი ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანია Mediaset S.p.A, რომელიც ევროპელებს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასაც გააცნობს და ფესტივალის მსვლელობასაც გააშუქებს.

 

 

 

კომენტარები