10 მაისი. აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირა. პეტრეს მიერ დავრდომილის განკურნება და მართალი ტაბითას მკვდრეთით აღდგინება

10 მაისი. აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირა. პეტრეს მიერ დავრდომილის განკურნება და მართალი ტაბითას მკვდრეთით აღდგინება. საქმე მოციქულთა 9; 32-42

-„მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმიდებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდიაში.

და ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე.

უთხრა მას პეტრემ: ენეას, იესო ქრისტე განგკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა.

მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა.

ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.

მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს.

რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან.

პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო.

პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.

ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმიდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი.

ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი.”

კომენტარები