„10 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენებულია სხვადასხვა ხილის კულტურა, მრავალწლოვანი ინტენსიური თანამედროვე ბაღები, რაც საგრანტო დაფინანსების შედეგია“ – ლევან დავითაშვილი

-„შეღავათიან ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობამ განაპირობა, რომ საქართველოში ერთიორად გაიზარდა და 55 000 ჰექტარს გადასცდა ვენახების ფართობი. ეს ტენდენცია ძალიან დადებითია. ეს არის მყარი სანედლეულო ბაზა, რომ ღვინის ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აგრარული სექტორისთვის წარმატებული იყოს, განვითარდეს და გაიზარდოს. 10 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენებულია სხვადასხვა ხილის კულტურა, მრავალწლოვანი ინტენსიური თანამედროვე ბაღები, რაც საგრანტო დაფინანსების შედეგია. რამდენიმე ათას ჰექტარზეა სასათბურე მეურნეობები, რომელიც სასურსათო უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ბოსტნეული არასეზონზე. რაც შეეხება 2020 წლის პანდემიის პირობებში ჩვენს მყისიერ ჩარევას; ჩვენ გავაჩინეთ მოკლევადიანი ფინანსური საბრუნავი საშუალებები ფაქტობრივად უფასოდ იმისათვის,  სწრაფად მოეხდინათ ადაპტაცია ჩვენს ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს და ერთწლოვანი კულტურების მეტი მოსავალი მიგვეღო.

გვქონდა პირდაპირი დახმარებები. ეს იყო აგრობარათებზე დარიცხული ქულები,  ფერმერებს უფასოდ მიეღოთ პესტიციდები, დაზღვევის კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობები და ა. შ. – ეს იყო მყისიერი ღონისძიებები, რომელიც ჩვენ 2020 წელს დავამატეთ ძირითად პროგრამებს, რაც  გულისხმობს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტს: პირველადწარმოებაში საგრანტო თანადაფინანსებას, შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების თანადაფინანსებას, ტექნიკურ დახმარებაში თანადაფინანსებას, აგროკრედიტს და აგროდაზღვევას. ეს პროგრამები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, თანმიმდევრული საქმიანობის განხორციელება, რომ ვიყოთ ნეტოს ექსპორტიორი ქვეყანა, სოფლის მეურნეობა მეტ ღირებულებას ქმნიდეს ეკონომიკაში.

დღემდე არსებობს პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფაქტობრივად უპროცენტო ან მინიმალური პროცენტით დაფინანსებას გულისხმობს სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებით“, –განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები