11 ოქტომბერს, ქუთაისის მფარველი პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული – ხატი, რომლითაც დავით აღმაშენებელმა დიდგორში გამარჯვება იზეიმა

11 ოქტომბერს, ქუთაისის მფარველი პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია.

პალიასტომის ღვთისმშობელი ქართული ხატია, რომელზედაც დედა ღვთისა გამოსახულია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით. შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე.

პალიასატომის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ქუთაისის მფარველად ითვლება, საუკუნეების წინ ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იყო დავანებული. ლეგენდის თანახმად, ტაძრის წინამღძვარს ზეგარდმო ეუწყა, რომ შესულიყო ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი აეღო და ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ქალაქი ჩაიძირებოდა.

მოძღვარმა სიზმარი არ ირწმუნა.  შემდეგ ღვთისმშობელი ორჯერ გამოეცხადა, იგივე გაუმეორა. არც ახლა დაიჯერა მოძღვარმა, ქალაქი წყალში ჩაიძირა, ხალხიც ჩაიტანა, ხატი კი უვნებელი გადარჩა; ჩაძირული ციხე-ქალაქიდან უხილავად ჰაერზე მოდიოდა. ნახა რა თავისი თვალით ეს სასწაული მოძღვარმა, მუხლებზე დაეცა, ღვთისმშობელს შენდობა სთხოვა, ხატი მის ხელებში ჩაესვენა. ღვისმშობელმა უბრძანა ხატი ქუთაისის სიონში, ბაგრატის ტაძარში გადაესვენებინა.

ერთ-ერთი ვერსიით, პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომი იზეიმა. პალიასტომის შემდეგ ღვთისმშობლის ხატი დავით აღმაშენებლის შვილიშვილის მეფე გიორგი მესამის მეფობის დროს ქუთაისში გადმოაბრძანეს. ისტორიული წყაროების მიხედვთი, ხატი 900 წლის წინ შეიქმნა, როცა ქუთაისი გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი იყო, მე-16 საუკუნეში კი განაახლეს. ხატი შეჭედილია ვერცხლით, შემკულია 123 თვალ- მარგალიტით. აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე. არშიაზე, მედალიონებს შორის დატანებული აქვს შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. „შენ ღრუბელსა მსგავსა ნათლისასა ქვეყანასა ზედა. მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისასა. ამინ. შეიქმნა ეს ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა”.

გადმოცემით არის ცნობილი, წინათ პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი გურიაში იმყოფებოდა და ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იყო დაბრძანებული, იმ საყდრის მთავარუხუცესმა სილიბისტრომ იმ ხატის შთაგონებით ჩვენება იხილა. სილიბისტრო, თვით გაბრიელ ხუცესმონაზონის შორეული წინაპარი და ნათესავი იყო. თითქოს, სიზმარში მას ღვთისმშობელმა უთხრა,  სილიბისტრო, მთავარი ხუცესი, საკრებულო ტაძარში შესულიყო და მისი ყოვლადწმინდა ხატი აეღო და იმ ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს წყალში ჩაძირვა მოელის. მთავარხუცესმა სიზმარს არ დაუჯერა. ამის შემდეგ ღვთისმშობელი მთავარხუცესს ორჯერ გამოეცხადა, იგივე აუწყა, – ციხე-ქალაქი ჩაიძირება და ხატი გამოიტანეო.
მთავარხუცესმა არც ახლა დაიჯერა და არც სხვას გააგებინა ამის შესახებ რამე. თვით მთავარხუცესი ციხე-ქალაქის გარეთ ცხოვრობდა, სხვა საყდრის მახლობლად.

მალე ღვთის ნება აღსრულდა ამ ციხე ქალაქზე და ხალხითურთ ჩაიძირა იგი,  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ის ხატი ღვთის ბრძანებით იმ წარღვნისგან დაცულ იქნა, თავისუფლად უხილავად, ღვთის განგებით ციხე-ქალაქიდან ჰაერზე მოდიოდა. როცა მთავარხუცმა ასეთი საოცარი და ენით გამოუთქმელი სასწაული იხილა, დაეცა სასწაულმოქმედი ხატის წინაშე, ცრემლებით იწყო ვედრება მოწყალების მისაღებად და ცოდვების მისატევებლად. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰაერიდან დაიძრა და მის ხელებში მიესვენა.

კიდევ გამოეცხადა სიზმარში მთავარხუცესს ღვთისმშობელი და ამ უწმინდესი ხატის ქუთაისის ციხე-ქალაქში გადასვენება უბრძანა. მთავარხუცესმა ღვთისმშობელის ხატი ქუთაისში მოასვენა, საკრებულო ტაძარში მოათავსა. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, იმ ყოვლადწმინდა ხატის მახლობლად, მათი მოდგმა გამუდმებით ცხოვრობს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პალიასტომის ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილი, დავით მეფის შვილიშვილის დროს.

1923 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძრიდან კომკავშირლებმა ეკლესიის სიწმინდეები გარეთ გამოყარეს და ფეხებით თელავდნენ, მათ შორის ღვთისმშობლის ხატს. ამ ვანდალიზმის მომსწრე ქუთათურებს, ხატი სასწაულად გადაურჩენიათ. დღეს პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

კომენტარები