12 თებერვალს მოიხსენიება წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი

წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი, კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი III საუკუნეში ეწამნენ.

წმიდა კენსორინე რომაელი იმპერატორის კლავდიუს II-ს (268-270) უახლოესი კარისკაცი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისათვის შეიპყრეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც თავისი ლოცვის ძალით მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის მოწმე საპყრობილის მცველმა 20 მხედარმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისათვის მათ კენსორინესთან ერთად თავი მოეკვეთათ. ამავე ხანებში მოიყვანეს დაკითხვაზე ქალწული ქრისია, რომელმაც ახოვნად აღიარა ქრისტე. იგი მხეცურად აწამეს, შემდეგ კი ზღვაში დაახრჩვეს.

წმიდა საბინეს მძიმე ურო ურტყეს, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა მარტვილმა ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა ქრისიასთან ერთად ეწამნენ: ფილიკე, მაქსიმე, პერკულინი, ვენერიუსი, სტირაკი, მინა, კომოდი, ერმი, მავრი, ევსები, რუსტიკი, მონაგრეოსი, ამანდინი, ოლიმპიუსი, კვიპრი, თეოდორე ტრიბუნი, მაქსიმე ხუცესი, არქელაოს დიაკონი და კვირინე ეპისკოპოსი.

წმიდა იპოლიტემ, როცა მოწამეთა ტანჯვის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე გამოცხადდა, მტარვალს სისხლისმსმელი უწოდა და უღმერთოებაში ამხილა იგი, გამძვინვარებულმა მსაჯულმა მხცოვანი მღვდელმთავარი სასტიკად დატანჯა. ბოლოს ხელ-ფეხშეკრული ზღვაში ჩააგდებინა. ეს მოხდა 268 წელს.

კომენტარები