12 ივლისი მოციქულთა თავთა – პეტრეს და პავლეს ხსენების დღეა (პეტრე-პავლობა)

მოციქული პეტრე წარმოშობით გალილეიდან იყო, მეთევზე, მაცხოვარი პირველად მისმა ძმამ ანდრიამ იხილა და შემდეგ თავისი ძმა მიიყვანა. პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც დაემორჩილა ქრისტეს და სასწაული იხილა: “შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი”. საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: “განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო”. იესომ მიუგო: “ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე”. ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მაცხოვარს.

წმინდა პეტრე მოციქული რომის იმპერატორი ნერონის დროს მოწამეობრივად აღესრულა, ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება. წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაფლა. პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული.

პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც “ახალი აღთქმის” წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და “საქმე მოციქულთას” ავტორი – ლუკაც მისი მოწაფე იყო.

უფლის სათნომყოფელნი – პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.

 

კომენტარები