13 თებერვალი – ხსენება წმიდა მღვდელმთავარი ნიკიტასი, პეჩორელი დაყუდებული, ნოვგოროდელი

წმიდა ნიკიტა, ნოვგოროდელი ეპისკოპოსი ახალგაზრდა იყო, როცა კიევო-პეჩორის მონასტერში მივიდა და მალე დაყუდებული ცხოვრების სურვილიც გამოთქვა. იღუმენმა გააფრთხილა, ახალგაზრდა ბერისთვის ასეთი ღვაწლი ნაადრევიაო, მაგრამ ნიკიტამ ყურად არ იღო რჩევა. ერთხელ, მოსაგრე ცოდვით დაეცა: ანგელოზის სახით გამოცხადებულ ეშმაკს თაყვანი სცა. ამის შემდეგ ბოროტმა მას, მისი თქმით, უკვე სრულყოფილებამდე ამაღლებულს, შეაგონა: „არ გინდა ლოცვა, მხოლოდ იკითხე და სხვებს ასწავლე, შენს მაგივრად კი მე ვილოცებ! “ ეს თქვა და დაყუდებულის მახლობლად დადგა, თან თავი ისე მოიჩვენა, თითქოს ლოცულობდა. მოხიბლული ბერი ნიკიტა მალე ყველას აღემატა ძველი აღთქმის წიგნების ცოდნაში, ახალ აღთქმაზე კი არა თუ საუბარი, სიტყვის გაგონებაც კი არ სურდა. კიევო-პეჩორელი ძმები მივიდნენ ცდუნებულთან და ლოცვებით განაშორეს მას ბოროტი. ამის შემდეგ ნიკიტამ კურთხევით დატოვა დაყუდების ადგილი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, ყველაზე მეტად კი მორჩილებისა და თავმდაბლობის მოგებას ესწრაფოდა. ყოვლადსახიერმა უფალმა ნეტარი ბერების ლოცვით იგი დაცემის სიღრმიდან სრულყოფილების მწვერვალზე აღამაღლა. შემდგომში წმიდანი ნოვგოროდის ეპისკოპოსი გახდა და სასწაულქმედების ნიჭიც მიემადლა. ღირსმა ნიკიტამ მშვიდობით მიისვენა 1109 წელს.

კომენტარები