13 სექტემბერი სვიმონ მესვეტის ხსენების დღეა

ღირსი სვიმეონ მესვეტე კაბადოკიის სოფელ სისანში ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში დაიბადა. სიყმაწვილეში იგი მამის ცხვრის ფარას მწყემსავდა და ამ თავის პირველ მორჩილებას კეთილსინდისიერად აღასრულებდა.

ერთხელ ტაძარში, საღვთო ლიტურგიაზე სვიმეონმა სახარებისეული ნეტარებები მოისმინა, გააოცა მათმა სიღრმემ და იქვე მდგომ ბერს სთხოვა საკითხავის განმარტება. სულიერებაში წარმატებული მოხუცის პასუხმა მასში ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად ამსოფლის დატევების სურვილი აღძრა, სალოცავად განმარტოვდა და დიდხანს მხურვალედ შესთხოვდა უფალს, ღვთისმსახურების ამ ურთულეს გზაზე წინ გასძღოლოდა.

ბოროტი გამუდმებით ცდილობდა, შეერყია წმიდანის სიმტკიცე, მაგრამ ნეტარი უფლის შემწეობით ყოველთვის სძლევდა საცდურებს. ერთხელ ეშმაკმა ანგელოზის სახე მიიღო, ცეცხლოვან ცხენებშებმულ ეტლში ეჩვენა სვიმეონს და ამცნო, შენი წმიდა ცხოვრება იმდენად სათნოეყო უფალს, რომ ზეცაში შენს ცოცხლად ასატაცებლად გამომგზავნაო. უფლის რჩეული ცდუნდა და მარჯვენა ფეხი გადადგა ეტლზე დასადგმელად, თან პირჯვარი გადაისახა, მაშინ დემონი გაქრა.

სვიმეონი მიხვდა, რომ ყველაფერი მტრის ხრიკები იყო.ღირსმა სვიმეონმა ოთხმოცი წელი დაჰყო ბერულ ღვაწლში, მათგან ორმოცდაშვიდი წელი სვეტზე იდგა.

უფლისგან წინასწარცნობისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოებული მოღვაწე საოცარი თავმდაბლობითა და გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა.ღირსმა სვიმეონმა 459 წელს ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი ანტიოქიის პატრიარქმა მარტვირიუსმა სასულიერო პირთა და ხალხის სიმრავლის თანხლებით სვეტის სიახლოვეს მიაბარა მიწას.

 

კომენტარები