15 აგვისტო წმინდა ბასილის ხსენების დღეა

1468 წელს მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ ელიხოვოში ნეტარი ბასილი დაიბადა. როცა ყმაწვილი წამოიზარდა, მშობლებმა იგი ხარაზობის შესასწავლად ოსტატს მიაბარეს. ერთხელ, როცა წმიდანი თექვსმეტი წლისა იყო, სახელოსნოში ვაჭარმა შემოიარა და ჩექმები შეუკვეთა. ბასილის ცრემლები წასკდა, ვაჭარი ჩექმების ჩაცმას ვერც მოასწრებს, გარდაიცვლებაო. რამდენიმე დღეში მისი წინასწარმეტყველება ახდა. ამის შემდეგ ნეტარმა მოსკოვს მიაშურა და სალოსობის ღვაწლი იტვირთა. ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხში იგი ნახევრად შიშველი დადიოდა. უცნაური იყო მისი საქციელი: ხან პურის კვერებიან ხონჩას ააყირავებდა, ხან ბურახით სავსე დოქს ჰკრავდა ხელს. გაბრაზებული გამყიდველები უყვიროდნენ და სცემდნენ, შემდეგ კი ირკვეოდა, რომ პურის კვერები ცუდი გამომცხვარი იყო და ბურახიც უვარგისად შემზადებული. თანდათან ყველასათვის ცხადი ხდებოდა, რომ ნეტარი ბასილი ღვთისკაცი იყო, უსამართლობის მამხილებელი.

1552 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა წმიდა ბასილი. მის კუბოს წმიდა სამების ტაძართან გამზადებულ საფლავამდე სხვებთან ერთად თავად ივანე მრისხანეც მიაცილებდა. 1554 წელს ნეტარის საფლავზე აიგო ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი. 1558 წელს მოხდა წმიდანის კანონიზაცია და ნაწილთა აღმოყვანება.

 

 

კომენტარები