15 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

პეტრე- პავლობის მარხვას ძველად “ერგასის შემდგომს” ანუ სულთმოფენობის, აღდგომის ორმოცდამეათე დღის შემდგომს უწოდებდნენ. იგი ჯერ კიდევ თვით მოციქულებს დაუწესებიათ.

სულთმოფენობის შემდგომ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის. ისინი ურიცხვ სასწაულებს
აღასრულებდნენ. სნეულებს ხელის შეხებით კურნავდნენ. აგრეთვე სცხებდნენ წმინდა ზეთს, რის შემდეგაც მორწმუნე ადამიანი განიკურნებოდა სნეულებისგან და მრავალი ავადმყოფობისგან.

პეტრე მოციქულს თვით მაცხოვარმა უწოდა კლდე და აღუთქვა ამ კლდეზე ეკლესიის აშენება. კლდე თვით მოციქულ პეტრეს სარწმუნოება იყო. სწორედ კლდესავით შეუვალი და მყარი იყო მოციქული პეტრე.

პავლე მოციქული სიყვარულის ზღვა არის. ყოველი მისი ეპისტოლე, ცხადად მეტყველებს მის დიდ სიყვარულზე ღვთისა და ადამიანების მიმართ. ვერცერთმა საღმრთო მწერალმა ისე ვერ გადმოსცა და აღწერა თუ რა ძალა აქვს ქრისტესმიერ სიყვარულს, როგორც მან.

პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის მაქსიმუმ 6 კვირა გასტანს, მინიმუმ – 7 დღე.

პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასთან და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა, პეტრე-პავლობის წმ. მარხვა ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია.

კომენტარები