15 ოქტომბერი – ხსენება წმიდა დიდმოწამეთა დავითი და კონსტანტინესი

დიდმოწამენი: არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი იმერეთის დიდგვაროვანთა შტოს ეკუთვნოდნენ, არგვეთის მხარეს განაგებდნენ და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდნენ მთელს სამთავროში.
ძმებში ჰარმონიულად იყო შერწყმული სულიერი და ფიზიკური სიძლიერე, იყვნენ „მეცნიერ ძუელისა და ახალისა სჯულისა, ჭეშ-მარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა”. უფროსი ძმა დავითი იყო „ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გუამითა და ხშირ წვერითა”, კონსტანტინეც, „შუენიერ (იყო) გუამითა, მოწაბლე თმითა… წვერ გამო”.
740 წელს არაბეთისა და სპარსეთის მმართველმა, მურვან–ყრუმ, ააოხრა ქართლის და იმერეთის დასაპყრობად გაემართა. ფერსათის მთასთან დაბანაკებულმა ქართველმა დავითისა და კონსტანტინეს მეთაურობით დაამარცხეს მომხდური მტერი. გაბრაზებულმა მურვან–ყრუმ ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა და შურისძიებით ანთებული კვლავ გაემართა იმერეთისაკენ. არაბებმა მოაოხრეს ყველაფერი. გა-დარჩენილმა მოსახლეობამ ტყეებს შეაფარა თავი. უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე.
მურვან–ყრუს წინაშე მიყვანილმა დავითმა და კონსტანტინემ უშიშრად ამხილეს გალაღებული სარდალი „სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩუენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაჲ შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა შენისათჳს იქმნა ძლევაჲ შენი ჩუენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელ გარდავჴედით მცნებათა ღმრთისათა, იქმნა ფლობაჲ თქუენი ჩუენ ზედა, რათა გუწუართნეს ღმერთმან ჴელითა თქუენ უსჯ-ულოთა და უღმრთოჲთა”. განრისხებულმა მურვან–ყრუმ დავითისა და კონსტანტინეს წამება ბრძანა. ჯალათებმა მაშინვე გაიყვანეს ძმები და სასტიკი წამება დაუწყეს, თან აიძულებდნენ უარი ეთქვათ ქრისტიანობაზე და მიეღოთ მაჰამადის სჯული. მარტვილები მოთმინებით ჰმადლობდნენ უფალს და ურყევად იდგნენ სარწმუნოებაზე.
დავითისა და კონსტანტინეს მხნეობით გაკვირვებულმა მურვანმა მოჩვენებითი ლმობიერებით მიმართა დავითს: „გამიგია შენი ვაჟკაცობის ამბავი, ამიტომ გირჩევ, დაუტეო ცუდი და ამაოჲ სიტყუაჲ სიცოფისა თქუენისაჲ და დაემორჩილო სჯულსა მუჰამედისა”. სანაცვლოდ კი პატივსა და სპასალარის წოდებას დაჰპირდა. დავითმა პირჯვარი გამოისახა და უპასუხა: „ნუ იყოფინ ესე ჩუენდა, რაჲთა დაუტეოთ ნათელი და შეუდგეთ ბნელსა, ღმერთმა ჩუენმა განგვანათლა, რაჟამს ძე თჳსი მოავლინა ქვეყნად და კაც იქმნა ჩვენთვის, ყოველი განგებულება თავს იდვა” ჯვარცმა, დაფლვა, აღდგომა, ამაღლება; კვალად მოვალს განსჯად ცხოველთა და მკუდართა. მაცხოვარმა წარავლინა მოწაფენი თჳსნი ყოველსა ქვეყანასა საქადაგებლად. ჩვენთან მისმა ორმა მოწაფემ იქადაგა და მოგვაქცია კერპთა მსახურებისაგან. ჩვენ, მის მიერ განსწავლულნი და განათლებულნი, არა ვმონებთ სხვასა სჯულსა, არამედ მზად ვართ ქრისტესთვის გვემასა, ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა”. შემდგომ ამხილა ყურანი და სჯული აგარიანთა: „მუჰამედმა ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქციათ, მაგრამ ღმერთი ვერ შეგამეცნებინათ, ამიტომ ემსგავსებით იმ ნავდანთქმულთა, რომელნიც შუა ზღვაში გადარჩნენ, მაგრამ ნაპირს მიწევნულნი დაინთქნენ”. კონსტანტინემაც უშიშრად აღიარა წმინდა სამება: „ვითარცა წამა და აღიარა უფალმა ჩემმან დავით… მეცა ვწამებ და აღვიარებ, რამთუ ერთსა სჯულსა და ერთსა სარწმუნოებასა ზედა განსწავლულ ვართ და მრწამს მამაჲ და ძე და სული წმინდაჲ და მისთჳს მოვკუდები”. გამძვინვარებულმა მურვანმა ბრძანა, შიმშილითა და წყურვილით მოეუძლურებინათ ძმები.
ათი დღის „მრავალფერი ტანჯვის” შემდეგ მურვან–ყრუ მიხვდა რა, რომ ძმები სჯულს არ შეიცვლიდნენ, მათი წამებით სიკვდილი ბრძანა.
სიკვდილის წინ დავითმა და კონსტანტინემ უკანასკნელად აღავლინეს ლოცვა: „ჰოი, უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, ვითარცა ისმინენ თხოვანი ჩუენნი და ღირს გუყვნენ წამებასა სახელისა შენისათჳს წმინდისა, აწცა შეისმინენ ვედრებანი და თხოვანი ჩუენ მონათა შენთანი და ვითარცა დავიმარხენით ჴორცნი ჩუენნი უხრწნელ და შეუგინებელ სახელისათჳს შენისა წმინდისა, ეგრეთვე შემდგომად წამებისა ჩუენისა დაჰმარხენ გუამნი ჩვენნი განუხრწნელად და დაურღვეველად და რომელთა ხადონ სახელითა ჩუენითა სახელსა შენსა წმინდასა, მსწრაფლ ეწიენ წყალობაჲ შენი და მიეც შენდობაჲ ბრალთაჲ და ყვენ ასონი ჴორცთა ჩუენთანი მკურნალ ყოველ სენთა და უძლურებათა, დიდებად ყოვლად საგალობელისა სახელისა შენისა”.
დავითი და კონსტანტინე ქუთაისის ზემოთ, წმინდა კოზმანის და დამიანეს ტაძრის მახლობლად, მდინარის ნაპირას გაიყვანეს, სასტიკად გვემეს, მერე ხელ–ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადაყარეს. ამ დროს ზეციდან გაისმა ხმა, რომელიც მარტვილების თხოვნის შესმენა დაამტკიცა. ზეციური ხმით შეშინებული მტარვალები გაიქცნენ.
ღამით ზეციდან სამი ნათელი სვეტი გარდამოვიდა, მოწამეებს „ლოდი შემოეძარცვნეს ქედთა მათთა” და წყლის ზედაპირზე ამოტივტივდნენ. ქრისტიანებმა დავითისა და კონსტანტინეს ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. მათ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა: „აღიჴუენით გუამნი წმინდათა მაგათ მოწამეთანი და წარიყვანენით ტყით კერძო აღმოსავალით და სადა იგი გთნდესთ, მუნ დაკრძალენით წმიდანი ეგე გუამნი მოწამეთანი, რამეთუ მუნ არს ბრძანებაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რათა გებისა თანა არსთანა იყვნენ მუნ გებულცა გუამნი წმინდათა მოწამეთანი”.
დავითი და კონსტანტინე დაკრძალეს წყალწითელას ნაპირზე მდებარე მურვან–ყრუს მიერ დარღვეულ ეკლესიაში.
ბაგრატ მეფის (1072–1117) ბრძანებით აქ აშენდა მონასტერი, სადაც დაასვენეს წმინდა დავითის და კონსტანტინეს უხრწნელი ნაწილები, რომელთა მიერ დღემდე აღესრულება სასწაულები და კურნებები. მონასტერს და მის ახლო მდებარე სოფელს, დავითისა და კონსტანტინეს ღვაწლის პატივსაცემად, მოწამეთა ეწოდა.

 

კომენტარები