სერგეი გავრილოვი: საქართველომ უნდა იმოქმედოს არა ნატოს, ევროკავშირის ან რუსეთის… არამედ, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე!

რუსეთი საქართველოს შერიგების ხელს უწვდის: „მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე – რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის!“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე ბიკანტოვმა.

ამ განცხადების მიუხედავად, ფაქტია, რომ კრემლმა ქართველი ერი მაინც გაუტოლა სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს, სააკაშვილი კი არა, საქართველო დაისაჯა, ვინაიდან,  სამაჩაბლო და აფხაზეთი ჩამოაჭრეს… ამჯერად, რას გვთავაზობს რუსეთი? გულწრფელია, თუ, გამოწვდილი ხელის მიღმა მორიგი ხაფანგი იფარება? ჩამოჭრილი ტერიტორიების დაბრუნებას გვპირდება, თუ, მრავალმნიშვნელოვნად გვაფრთხილებს, რომ თუ ნატოსთან ფლირტს არ შევწყვეტთ, სხვა ძირძველ ტერიტორიებსაც დავკარგავთ? კრემლიდან როგორ მოჩანს საქართველოს ნაბიჯები და პოზიციები?

გადავწყვიტე, ამ კითხვებით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლისთვის მიმემართა და ჩემი ძველი რესპონდენტის, ნაცებისგან მტრის ხატად შერაცხული სერგეი გავრილოვის ნომერი ავკრიფე:  – სერგეი ანატოლის ძევ, ჩვენს წინა ინტერვიუში მითხარით, რომ ბავშვობის წლები თბილისში გაატარეთ და თავი საქართველოს პატრიოტად მიგაჩნიათ. შეგიძლიათ, რუსეთის ხელისუფლებაში თქვენი მაღალი თანამდებობების მიუხედავად, ამ პოზიციიდან მესაუბროთ? – „გამარჯობა, ზაზა. როგორ ხარ? ფერისცვალების დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩემთან საუბარი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, დუმის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, სამოქალაქო და რელიგიური გაერთიანებების საკითხთა კომიტეტის“ თავმჯდომარემ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო მსოფლიო ასამბლეის პრეზიდენტმა:

 

– ვადასტურებ, რომ საქართველო, მისი გმირული ისტორია და კულტურა გულწრფელად მიყვარს, ეს ქვეყანა ჩემს მეორე სამშობლოდ, იმავდროულად, მართლმადიდებლური სარწმუნოების ეპიცენტრად მიმაჩნია. რუსეთში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც საქართველოს მიმართ ჩემს დამოკიდებულებებს იზიარებს და მის მომავალზე გულიც შესტკივა! შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს თქვენთან ერთად, რიგითი ქართველივით ვეძებ. ამიტომ, საბედისწერო შეცდომად მიმაჩნია ეჭვები იმაზე, რომ რუსეთი საქართველოს ამჯერად რაღაც ხაფანგს უგებს. ვფიქრობ, ასეთი ხმებს გამიზნულად ავრცელებენ პროამერიკელი და ზოგადად, პროდასავლელი რადიკალები, რათა საქართველომ ჯადოსნური წრიდან გამოსვლა ვერ შეძლოს. საქართველოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ნეიტრალური და გულგრილია, ვინაიდან მათ ყველაფერი იღონეს, რიგითი რუსებისთვის საქართველოს მიმართ აღტაცება და სიყვარული ჩაეხშოთ. იმისთვის, რომ შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს, აუცილებელია, ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებმა და ქართველმა ინტელიგენციამ მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ამოცანებიდან და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უკიდურესი პრაგმატულობით იმოქმედონ, არ შეასრულონ დასავლეთიდან წამოსული, არცთუ კეთილმეგობრული, ბრძანებების ტოლფასი მითითებები, რომელიც ამაყ ქართველ ხალხს კოლონიალურ მდგომარეობაში აყენებს! უფრო მეტიც შეიძლება ითქვას – დასავლეთის და ნატოს მხრიდან ასეთი მითითებები ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოებრიობას საბოლოო განადგურებას, ხოლო მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მსოფლიოში განთქმულ ქართულ ზნეობას სრულ აღმოფხვრას უქადის.

  – მაინც, რაში გამოიხატება პრაგმატული მიდგომა?

– გასული საუკუნეების განმავლობაში საქართველო არაერთხელ ყოფილა დაპყრობილი თურქეთის თუ სპარსეთის მიერ და სახელმწიფოებრიობა განადგურების ზღვარზეც ბევრჯერ მდგარა, მაგრამ ქართველმა ერმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა განსაკუთრებულად რთულია, ვინაიდან განადგურების საფრთხე ამჯერად ქართულ ეროვნულ იდენტობას ემუქრება და ეს საფრთხე ამჯერად, თურქეთზე და სპარსეთზე უპირატესად, დასავლეთიდან მოდის. საკითხისადმი პრაგმატული მიდგომა კი, იმაში მდგომარეობს, რომ იმოქმედო არა ნატოს, ევროკავშირის, სხვადასხვა დასავლური ფონდის თუ ინსტიტუციის ან თუნდაც რუსეთის… არამედ, კონკრეტულად საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე! ამგვარად უნდა მიუდგეს საქართველო არა მხოლოდ დასავლეთს, არამედ სპარსეთს, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და უკლებლივ ყველა ქვეყანას, რუსეთის ჩათვლით! ამასთან, აუცილებელია გარკვეული ბალანსის დაცვა. დღეს კი, რა ხდება საქართველოში? დასავლელი „პარტნიორების“ ხათრით თუ შიშით მიმდინარეობს ქართული ტრადიციების, ზნეობის და მსოფლმხედველობის, ოჯახის ინსტიტუტის და ზოგადად ქართველთა გამრავლების წინააღმდეგ გლობალური შეტევა, რაც ქართველი ხალხის ცნობიერებისთვის სრულიად შეუსაბამო გეი-აღლუმების და სხვა სუბკულტურების თავს მოხვევაში გამოიხატება, ხოლო ქართველ ხალხზე აშკარა დიქტატურის ასეთი მიდგომა „დემოკრატიული“ ცრუ ფასეულობებით იფუთება! ეს დარტყმა, რასაც დღეს საქართველო და ქართველი ხალხი განიცდის, შეუდარებლად აღემატება ყველაზე დამანგრეველი ომის შედეგებს, რაც ქართველ ხალხს ოდესმე გადაუტანია!

 – დავუბრუნდეთ რუსეთის შემოთავაზებას. ვთქვათ, დავთანხმდით. ეს რას მოუტანს საქართველოს?

– რუსეთში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, რომლებიც ოჯახებს აქედან არჩენენ. სხვათა შორის, ისინი ბევრად უკეთეს პირობებში იმყოფებიან, ვიდრე ევროპაში და თურქეთში ოჯახების რჩენის მიზნით გადახვეწილი ქართველები. თავი უფრო კომფორტულად რომ იგრძნონ, ამ ხალხს ოჯახებთან სისტემატიური ურთიერთობის მიზნით, ხელშეწყობა და ზრუნვა სჭირდება. რუსეთთან პირდაპირი საავიაციო კავშირის აღდგენა პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებშია. ამაზეა დამოკიდებული საქართველოში ტურიზმის აღორძინება და ასევე, ქართველ და რუს ხალხებს შორის ურთიერთსასარგებლო კონტაქტების აღდგენა. ამას ემატება ვაჭრობის სფერო, რადგან ყველაფრის მიუხედავად, საქართველოსთვის რუსეთი ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება.  საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, სამხრეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობების გაღრმავება. უნდა გავიაზროთ, რომ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკარგვა უპირველესად, სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან აფხაზ და ოს ხალხებზე შეიარაღებული პროვოკაციის პირდაპირი შედეგია. მას ამ პროვოკაციისკენ ამერიკელმა პატრონებმა უბიძგეს უმთავრესად იმ მიზნით, რომ საქართველო რუსეთისთვის  დაეპირისპირებინათ. ამ პროვოკაციის შედეგად მარტო ქართველები კი არა, აფხაზები, ოსები და რუსებიც დაიღუპნენ. გასათვალისწინებელია, რომ მათაც ჰყავთ ჭირისუფლები და ქართველმა ხალხმა გაუცხოვების ატმოსფეროს დასაძლევად, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს, რათა ხალხებს შორის ნდობა აღდგეს. ეს ისევ და ისევ, ეკონომიკური კავშირების აღდგენით არის შესაძლებელი არადა, დასავლელი ცენზორები ამის ნებას არ იძლევიან თავიანთი და არა ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე! ფაქტობრივად, სააკაშვილის გამო კავკასიელი ხალხებისთვის საქართველო ასოცირებულია სისხლისღვრასთან და საფრთხესთან. ამას გარდა, სააკაშვილის მოდელი თავიდანვე გახლდათ არა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, არამედ რუსეთთან, ირანთან, ნაწილობრივ თურქეთთან და ჩრდილო კავკასიელ ხალხებთანაც დასავლეთის შეიარაღებული დაპირისპირების პლაცდარმი, რაც ასევე საფუძვლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და ასეთი იმიჯისგან საქართველო რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს.

 – ამერიკასთან პარტნიორობის პროგრამა ამას გამორიცხავს.

– მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, ამერიკა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არცერთი ქვეყნისთვის არასდროს პარტნიორი არ ყოფილა! ის ყველა იმ ქვეყანას, რომელთანაც საქმეს იჭერს, უყურებს როგორც პოტენციურ კოლონიას. ამას მოწმობს ავღანეთის უახლესი მაგალითი: ათეულ ათასობით ავღანელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და უბრალო ადამიანი მიენდო ამერიკელებს, როგორც სანდო პარტნიორებს, რომლებსაც დასავლური დემოკრატია უნდა აეშენებინათ ამ ქვეყანაში, მაგრამ ქაბულის დაცემამდე ერთი კვირით ადრე მათ პროვოკაცია მოაწყეს, ლგბტ ორგანიზაციების მხარდაჭერით კიდევ უფრო გაახელეს რადიკალური ორგანიზაციები შემდეგ კი სამარცხვინოდ მიატოვეს მოკავშირეები, ისე რომ გაქცევისას აფრენილი თვითმფრინავებიდან ჩამოყარეს ისინი! გამოვრიცხავ, რომ რუსები მსგავს სიტუაციაში ავღანელებს ან ქართველებს ანალოგიურად მოპყრობოდნენ! ამერიკელებმა ავღანელი სამხედროების გაფრთხილების გარეშე გვიან ღამით მიატოვეს ბაგრამის სამხედრო ბაზა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენეს მოკავშირეები! ამერიკელები კი არა, ამჟამად თალიბები ზრუნავენ იმ ადამიანებზე, ვინც ავღანეთში ამერიკელების სასარგებლოდ მუშაობდნენ, ეხმარებიან ავღანეთიდან უსაფრთხოდ გამგზავრებაში. ეს არის მოკავშირეებთან ამერიკელების დამოკიდებულების კლასიკური მაგალითი, ვინც ამერიკელებზე მუშაობდნენ და რას გამოელის საქართველო ასეთი პარტნიორისგან? დარწმუნებულები არიან ქართველი პოლიტიკოსები, რომ ავღანელი კოლეგების მსგავსად ამერიკელები თვითმფრინავიდან მათაც არ გადმოყრიან? ამიტომ, ქართველმა, უკრაინელმა, ლიბანელმა, ბალტიისპირელმა პოლიტიკოსებმა უპირველესად ამერიკის კი არა, საკუთარ ქვეყნებში თავიანთი ეროვნული პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნონ!

 – ავღანეთის მოვლენები რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

– უპირველესად, ძალიან სახიფათოა რადიკალიზმის და ექსტრემიზმის აღზევება. საქართველოს გვერდს ვერ აუვლის მიგრაციული პროცესების ექო. სამხედრო თვალსაზრისით თითქმის უსუსური საქართველო შეიძლება ძლიერი ქვეყნების შეიარაღებული დაპირისპირების ეპიცენტრი და პლაცდარმი გახდეს. ასე მოხდება, თუ ამერიკა შეეცდება, ქაბულში დათმობილი სამხედრო ბაზები, რითაც აღმოსავლეთს აკონტროლებდა – შუა აზიაში და საქართველოში გადმოიტანოს. უზბეკეთისა და ყირგიზეთისთვის ეს უსიამოვნო, საქართველოსთვის კი – კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს!  წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ საქართველოს ტერიტორიიდან ამერიკელები სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ქვეყნებს დაემუქრებიან და მერე ქართველებს ავღანელების მსგავსად მიატოვებენ!

 – კრემლი გვეუბნება, რომ სააკაშვილის ბოროტმოქმედებებს ქართველ ხალხთან არ ათანაბრებს, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი გადარჩა, საქართველოს კი ტერიტორიები ჩამოაჭრეს! რა პერსპექტივას გვთავაზობს მოსკოვი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად?

– რუსეთს და საქართველოს უამრავი საერთო ღირებულება, უპირველესად კი, სარწმუნოება და ოჯახის ინსტიტუტი გააჩნიათ. ჩვენი საერთო მტრები სწორედ ამ ინსტიტუტებს უტევენ რუსეთშიც და საქართველოშიც. ცდილობენ, ახალგაზრდობა ამ ღირებულებებს მოწყვიტონ და უცხოეთში გროშებზე სამუშაოდ გახიზნონ. ვფიქრობ, საქართველოს მიმართ კრემლში ახლებური, არაკოლონიური მოდელი მუშავდება, რომელიც შეიძლება საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარანტიც გახდეს. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას – ესეც შესაძლებელია, ოღონდ არა აფხაზი და ოსი მოქალაქეების მიმართ ძალმომრეობის ხარჯზე. თბილისს არ გააჩნია ძალა,  აფხაზეთი და სამაჩაბლო იარაღით დაიბრუნოს, მაგრამ შეუძლია უფრო ძლევამოსილი, სიყვარულის „იარაღი“ აამოქმედოს – აფხაზებს და ოსებს ეკონომიკური პროექტები შესთავაზოს. მათ თავად უნდა მოუნდეთ, რომ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში იცხოვრონ და ამ ქვეყანაში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა და მეზობლების დარწმუნება, რომ საქართველო დასავლეთის კი არა, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად მოქმედებს – დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე. უამრავი წინაპირობა არსებობს, რომ ეს პერსპექტივა უმოკლეს დროში განხორციელდეს! რუსეთთან დამეგობრებულ საქართველოს კი, მერწმუნეთ – ვერავინ გაუბედავს მენტორული ტონით დალაპარაკებას! ჩვენ ვცხოვრობთ აპოკალიფსურ ეპოქაში, რომელშიც მართლმადიდებელ ერებს საერთო მტერი – ანტიქრისტე ჰყავთ. ის ცდილობს მართლმადიდებელი ერები ერთმანეთთან დააპირისპიროს, ჩამოშალოს ეკლესია, ზნეობა და ოჯახის ინსტიტუტი. მჯერა, ამ ბრძოლაში ქართველი და რუსი ხალხები ერთად დადგებიან და გამარჯვებასაც იზეიმებენ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები