16 ივლისი – გიორგი დაყუდებულის, ღმერთშემოსილის – გიორგი მთაწმინდელის მოძღვარის ხსენების დღე

წმინდა გიორგი ღმერთშემოსილის შესახებ ინფორმაცია მისი მოწაფის, უდიდესი მამის და მოღვაწის გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან ვიგებთ. საქართველოდან მალულა წასული გიორგი მთაწმინდელი, ათონის წმინდა მთის მოლოცვის შემდეგ, სწორედ განდეგილობაში, შავ, იგივე – საკვირველ მთაზე მყოფ ბერ გიორგის მოსწავლე ხდება.

გიორგი მცირე, რომელმაც გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება აღწერა გიორგი დაყუდებულის თხოვნით, ხშირად ახსენებს განდეგილ მოძღვარს და მის უდიდეს ავტორიტეტს როგორც გიორგი მთაწმინდელის, ასევე მთლიანად საქართველოს ეკლესიის იმდროინდელ მდგომარეობაში. სწორედ გიორგი დაყუდებულმა აკურთხა საკუთარი მორჩილი და მოწაფე, წმინდა მთაზე დაბრუნებულიყო და ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობა გაეგრძელებინა. თავმდაბლობით გამორჩეულმა მისმა სახელოვანმა მოწაფემ, 7 წელი ათონის მთაზე მორჩილებაში გაატარა. როდესაც ეს გიორგი დაყუდებულმა შეიტყო, საყვედურის წერილი მისწერა. მაშინ გიორგიმ შეინანა, მღვდლად ეკურთხა და ქართველ ერს უთარგმნა ის უდიდესი განძი, რასაც უფლის დაწერილი სიტყვა, საეკლესიო სწავლება თუ საღმრთისმსახურო ლიტერატურა ჰქვია.

კომენტარები