17 აგვისტო მოციქულთასწორ კოზმას ხსენების დღეა
ღირსმოწამე კოზმა (ერში-კონსტანტინე) ეტოლიიდან (ბერძნული ქალაქი) იყო. სიყრმიდან, მთავარდიაკონ ანანია დერვიშანის ხელმძღვანელობით განისწავლა სამშობლოში, შემდეგ კი ათონის მთაზე მდებარე ვათოპედის სასწავლებელს მიაშურა.
როდესაც სასწავლებელი დაასრულა, გადაწყვიტა ათონზე დარჩენილიყო ფილოთეოსის სავანეში. როცა ბერად აღიკვეცა კოზმა დაარქვეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. მოძმეთა სარწმუნოებაში განმტკიცების სურვილით ანთებულმა მოღვაწემ სულიერი მამებისაგან კურთხევა გამოითხოვა და კონსტანტინოპოლში საქადაგებლად წავიდა.
1779 წელს, წმიდა კოზმას მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დასრულდა. სამოცდახუთი წლის ასაკში იუდეველებმა მას ცილი დასწამეს და თურქებს ჩაუგდეს ხელში, მათ კი დაახრჩეს წმიდანი და მდინარეში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ხუცესმა მარკოზმა იპოვა ნეტარის ცხედარი და სოფელ კალიკონტასის მახლობლად, არდევუზის მონასტერში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში დაკრძალა. მოგვიანებით მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სხვადასხვა ადგილებში იქნა დაბრძანებული.