18 ოქტომბერი ხსენება წმიდა მატრონა მოსკოველის

ნეტარი მატრონა დაიბადა რუსეთში, ტულის გუბერნიის სოფელ სებინოში. გოგონა დაბადებიდანვე ბრმა იყო. 8 წლის მატრონას უქვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის სასწაულებრივი ნიჭი. ნიკონოვების პატარა სახლში უამრავმა ხალხმა დაიწყო სიარული; ჯერ ახლომახლო სოფლებიდან, შემდგომ კი სხვადასხა გუბერნიებიდანაც. ავადმყოფები ურმებითაც კი მოყავდათ სასწაულთმოქმედ გოგონასთან. მატრონა გულმხურვალე ლოცვებით ხალხს სასწაულებრივად კურნავდა. ადგილობრივი მემამულის ქალიშვილს ლიდია იანკოვას მატრონა სხვადასხვა მონასტრების მოსალოცად დაყავდა. მათ მოილოცეს კიევო-პეჩორის ლავრა, წმინდა სამების სერგიევის ლავრა და ა.შ.
14 წლის იყო მატრონა, როდესაც ლიდიამ ქ. კრონშტანდტში წაიყვანა. ამ დროს ანდრეევის ტაძარში წირვას ატარებდა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი იოანე კრონშტანდტელი. როდესაც წმ. იოანე ტაძრის ეზოში ხალხის საკურთხებლად გამოვიდა – მატრონა დაინახა და ხმამაღლა დაიძახა: ”გაიწიეთ ხალხო, გაიწიეთ”. წმ. იოანემ სიყვარულით მიმართა უსინათლო გოგონას: ”მატრონუშკა, მოდი ჩემთან! აი მოდის ჩემი შემცვლელი – რუსეთის მერვე სვეტი!”. ამ სიტყვების მნიშვნელობა მატრონას არავისთვის არ გაუმხელია, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ გოგონას უდიდესი ღვაწლი ექნებოდა რუსი ერისთვის. 1915 წელს მატრონამ შეკვეთით დააწერინა ღვთისმშობლის ხატი სახელწოდებით ”დაღუპულთა მომძიებელი”. მატრონა ამ ხატს არასდროს არ განშორებია და ყველგან თან დაქონდა. ნათელმხილველი გოგონა გრძნობდა რევოლუციის მოახლოებას და უამრავი ხალხის დაღუპვას წინასწარ განიცდიდა. უსინათლო მატრონას 16 წლის ასაკში ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასდროს უვლია
1925 წ. მატრონა მოსკოვში გადავიდა, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ავადმყოფობათაგან განსაკურნებლად და სულიერი რჩევების მისაღებად მატრონას მოსკოვშიც მრავალი ადამიანი აკითხავდა. ნეტარი მატრონა ყველას ეუბნებიდა, რომ თვითონ კი არ იყო მკურნალი, არამედი მისი ლოცვებით და შუამდგომლობით თავად უფალი ქრისტე კურნავდა ადამიანებს. ნეტარი მატრონა ყველას მოუწოდებდა, რომ ერწმუნათ ღმერთი და ცოდვებს განშორებოდნენ. ზოგიერთს აინტერესებდა წმინდანის ცხოვრების დეტალები და უთვალთვალებდნენ, თუ რას აკეთებდა იგი ღამით: ნეტარი მატრონა მთელი ღამე ლოცულობდა და მეტანიებს ასრულებდა.
საბჭოთა მილიცია მატრონას დაპატიმრებას რამდენიმეჯერ ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბევრი მისი ახლობელი დააპატიმრეს და გაასამართლეს (მათ შორის ზინაიდა ჟდანოვა). მილიციის მოსვლას მატრონა წინასწარ გრძნობდა და ყოველთვის დროულად გადადიოდა სხვა ბინაში. ნეტარმა მატრონამ დევნის პერიოდში მრავალი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. ნეტარი მატრონას დევნა გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე. გადმოცემის თანახმად, ომის დროს მასთან რჩევის მისაღებად მივიდა თვით სტალინიც.
1940 წ. წმ. მატრონამ იწინასწარმეტყველა მომავალი სამამულო ომი; ყველას ურჩევდა არ დაეტოვებინათ მოსკოვი და დაბეჯითებით ამბობდა: ”მოსკოვში მტერი ვერ შემოვა”. სიცოცხლის ბოლო წლები მატრონამ შორეული ნათესავის სახლში, სადგურ სხოდნაიას მახლობლად (კურგანოვის ქ. № 23) გაატარა. ნეტარ მატრონას აქაც უამრავი ხალხი აკითხავდა. სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი, ძლიერ დასუსტებული და უკვე მომაკვდავი მატრონა მაინც აგრძელებდა მნახველთა მიღებას; მას არ შეეძლო უარი ეთქვა მასთან მოსულ ადამიანებისთვის დახმარებაზე. ნეტარი მატრონა ბოლო ზიარების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. თავისი სიკვდილი მან 3 დღით ადრე იწინასწარმეტყველა
.
ნეტარმა მატრონამ დატოვა ანდერძი: “ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავზე ივლიან მხოლოდ ახლობლები, როდესაც ისინი აღესრულებიან, საფლავი გაუკაცრიელდება, იშვიათად თუ ვინმე მოვა … მაგრამ მრავალი წლის შემდეგ ადამიანები გაიგებენ ჩემს სახელს და გუნდ – გუნდად ივლიან, გასაჭირში ჩავარდნილები დახმარებისთვის, რათა ვილოცო მათთვის უფლის წინაშე, მე ყველას მოვუსმენ და ვინც მომმართავს დახმარებისთვის დავეხმარები”. ნეტარი დედა 1952 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს მოსკოვში დანილოვის სასაფლაოზე.

1998 წ. წმინდა ნაწილები გადაასვენეს პოკროვის მონასტერში. კანონიზირებულია 1999 წ. სახელწოდებით: ნეტარი მატრონა მოსკოველი.
ნეტარი დედის წმიდა ნაწილები ამჟამად იმყოფება პავლოვსკის დედათა მონასტერში.

კომენტარები