18 წლის გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, შემთხვევითი გამვლელი იყო
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. მათგან ერთ-ერთი 18 წლის მაია გომურია.
როგორც მისი ოჯახის წევრები, ჟურნალისტთან საუბარში ამბობენ, ის აქციის მონაწილე არ იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა.
დაზარალებულის და, მზია გომური, მედიას უყვება, რომ 18 წლის წლის გოგოს სამსახური 00:00-ზე დაუმთავრდა, შემდგომ მეგობრებს შეხვდა, ამის შემდეგ კი, ვინაიდან, მეტროპოლიტენი აღარ მუშაობდა, გადაწყვიტა, თავისუფლების მოედნიდან სახლში ტაქსით დაბრუნებულიყო.
“უნდა ჩასულიყო (თავისუფლების) მოედანზე, უნდა გაეჩერებინა ტაქსი და დაბრუნებულიყო სახლში. მოედნიდან მომავალი უამრავი ჯარისკაცი (სპეც. რაზმელი) დახვდა, რის შემდეგაც შემობრუნდა და გამოიქცა (ქაშუეთის) ეკლესიის მიმართულებით. გამოქცევის დროს მოხვდა ტყვია. რაც შეეძლო, გადააბა სიტყვები და მითხრა, იყო ეს”, – ამბობს მზია გომური.
დაზარალებულის და სახელმწიფოსგან ითხოვს, მაია გომურს დაუფინანსდეს ყველა პროცედურა, რაც მას პირვანდელ ვიზუალს დაუბრუნებს.
“მკურნალობისა და ოპერაციის შემდეგ დასჭირდება სავარაუდოდ პლასტიკური ჩარევა და ხელოვნური თვალი. ჯერჯერობით, ოჯახის წევრებთან ჯანდაცვის სამინისტროდან კომუნიკაცია არავის ჰქონია
ოფთალმოლოგმა და ყბა-სახის ქირურგმა იმუშავეს. ახლა დაკვირვების პროცესშია.