1910 წლის 19 იანვარს დაიბადა ქალბატონი ნინო რამიშვილი

ნინო რამიშვილი 110 [არქივი]

1910 წლის 19 იანვარს დაიბადა ქალბატონი ნინო რამიშვილი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში 1922-1927წწ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს; 1936-1945წწ. იყო ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1945 წელს ილიკო სუხიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ახლანდელი ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი; 1972 წლამდე იყო მისი წამყვანი მოცეკვავე; 1985 წლამდე ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მის მიერ შესრულებული ცეკვებია: “ჯეირანი”, “მუხამბაზი”, “მთიულური”, “სამაია”.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 – თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1973 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1952 – საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1949 – სტალინური პრემია
  • 1936 – სსრკ სახალხო არტისტი
  • ოქროს მედალი, ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეოთხე ფესტივალი
  • ლენინის ორდენი
  • რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენი

ილიკო სუხიშვილი სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა, 1907 წელს. მამა ადრე გარდაეცვალა. დედას უჭირდა მარტოს ოჯახის გაძღოლა, სოფლად ხომ აუარებელი საქმეა მუდამ, ამიტომ საცხოვრებლად თბილისში გადმოინაცვლეს. ილიკო 9 წლის იყო, მუშაობა რომ დაიწყო. ცდილობდა, დედას დიდი კაცივით გვერდში დადგომოდა. ხან მოხარშულ წაბლს ყიდდა, ხან – გაზეთებს. ერთი ჩვევა დასჩემდა – სულ ფეხის წვერებზე დადიოდა.

ერთხელ, როცა კრემლის სააქტო დარბაზში პირველად ჩატარდა საქართველოს დეკადის დღეები, ილიკოც და ნინოც მონაწილეობდნენ. დასასრულს, სტალინს ხელოვანი ქართველების ახლოს გაცნობა მოუსურვებია. ისინი მწკრივში დაეწყვნენ. სტალინმა ყველას ჩამოართვა ხელი. როცა ნინოს მიუახლოვდა, უთხრა: რამიშვილები მენშევიკები იყვნენ, ყველანი  დასახვრეტები არიან! ნინოს ფერი წასვლია, მაგრამ იგი ისევ “ღმარძაღლმა” ილიკომ იხსნა: რა გაჩუქოო, – უკითხავს მისთვის სტალინს. არც კი დაფიქრდა, ისე უპასუხა ილიკომ, – თქვენი ფოტოსურათი მისახსოვრეთ ავტოგრაფითო. მართლაც, მეორე დილით ცოლ-ქმრისთვის სასტუმროში მიუტანიათ ფოტო, რომელიც რეპრესიების დროს ერთგვარ თილისმად ჰქონდათ ილიკოს და ნინოს.

ქართული ცეკვის დიდ მოამაგეს ნინო რამიშვილს 90 წლის ასაკში გაუხსნეს ვარსკვლავი. როგორც ამბობენ, როდესაც მისი ვარსკვლავის გახსნისთვის ემზადებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ სახე გადაეჭიმა, პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა, ის, მუდმივად ანა მანიანის სიტყვებს იმეორებდა: ” თავი დაანებეთ ჩემს ნაოჭებს, მე ისინი ძალიან ძვირი დამიჯდა“.

კომენტარები