1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენი

თბილისის მეტროპოლიტენი — სწრაფი ტრანზიტის მეტროს სისტემა თბილისში. ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 – საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება როგორც ძველი „ე“ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, „ნაძალადევი“ და „გლდანი“.

2005 წელს მეტრომ დაახ. 105,6 მილიონი ადამიანი გადაიყვანა[2]. ექსპლოატაციაში 186 ვაგონია და ორი დეპო. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4-ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება გლდანი-ვარკეთილის და სამვაგონიანი საბურთალოს ხაზზე. ერთჯერადი მგზავრობის საფასური 50 თეთრია მთელი მგზავრობის პერიოდისთვის (სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის – 10 თეთრს, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა)[3]. ვაგონების სამუშაო საათებია დილის 6:00-დან ღამის 00:00-მდე, შემადგენლობებს შორის 4 წუთიანი და 2,5 წუთიანი (პიკის საათებში) ინტერვალებია.

ამჟამად თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია: აღდგენილია სადგურების უმრავლესობა და განახლებულია ელმავალ-ვაგონები. ქალაქის ბიუჯეტმა 2006 წელს პროექტისთვის 16 მილიონი ლარი გამოყო. მეტროპოლიტენის ხელმძღვანელები იყვნენ ნ. ბერიძე, ო. ხიზანიშვილი, ი. მელქაძე, გ. გაბუნია, ა. ახვლედიანი, ზ. კიკალეიშვილი, დ. ალავიძე, ლ. კოპლატაძე, ა. ჯაფარიძე, ნ. ჭეიშვილი, მ. კობახიძე ამჟამად — გ. შარკოვი.

თბილისში მეტროპოლიტენის გაყვანის იდეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, თუმცა ამ იდეამ გრძელი და რთული გზა განვლო განხორციელებამდე. 1940 წელს თბილისში რამდენიმე ადგილას გარკვეული სიდიდის მოედნებზე მიწის ბურღვა და საინჟინრო საქმიანობა დაიწყეს, თუმცა სამუშაოები მეორე მსოფლიო ომის გამო შეჩერდა. ომის შემდგომ პერიოდში მეტროპოლიტენის შენების საკითხი სადავო გახდა, რადგან შექმნილი ფინანსური მდგომარეობის ფონზე საქართველოს შესაძლოა აღარ ჰქონოდა მასშტაბური სამუშაოების ფუფუნება. გარდა ამისა, მაშინ თბილისი ჯერ კიდევ არ იყო მილიონიანი ქალაქი, რაც დაუწერელი კრიტერიუმი იყო მეტროპოლიტენის მშენებლობისთვის. ქალაქის ხელისუფლების მონდომებისა და შრომის მეშვეობით 1951 წლის 25 აგვისტოს სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების შესახებ. მშენებლობის უფროსად გიორგი ნასიძე დაინიშნა, ხოლო მის პირველ მოადგილედ – ვიქტორ გოცირიძე.

პირველი მოსამზადებელი სამუშაოები 1952 წელს მარჯანიშვილის მოედანთან დაიწყეს. აღნიშნული პროცესი უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა 1965 წლის 28 დეკემბერს სამუშაოები წარმატებულად დასრულდა.

მეტრო გახსნის დღიდან ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი რგოლი გახდა. 90-იან წლებში მეტრო ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა იყო, რომელიც მოსახლეობას შეუფერხებლად ემსახურებოდა.

კომენტარები