1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა – მარადიული ხსოვნა და არდავიწყება 9 აპრილის გმირებს!

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, მომიტინგეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა და მოახლოებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ქაშუეთის ტაძრის ეზოში გადასვლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო — „არა, ღმერთს შევფიცეთ, რომ აქ უნდა ვიდგეთ“, — ისმოდა პასუხად.

9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და  ტანკები გამოიყენა. თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები დაესხნენ თავს.

იმ ღამის მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი —ორსული, მოკლულთა შორის  იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა დაჭრილებიც იყვნენ, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით დემონსტრანტების  დიდი ნაწილი მოიწამლა.

საბჭოთა ჯარისკაცები მშვიდობიან მომიტინგეებს გზა მძიმე ტექნიკით, ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ კი დემონსტრანტებს ნიჩბებით და მხუთავი აირით გაუსწორდენენ. კრემლის მითითებით მიტინგის დარბევა მოხდა ამავე ღამეს ტელევიზიასთან, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ერთ ნაწილთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.

შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.

4 ათასზე მეტი დემონსტრანტი სხვადასხვა სახის ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე მოქალაქე.

1991 წლის 9 აპრილს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

მარადიული ხსოვნა და არდავიწყება 9 აპრილის გმირებს!

უფლის მფარველობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას!

კომენტარები