2 აგვისტოს პატრიარქის ანგელოზის დღეა – ვულოცავთ პატრიარქს ამ დღეს, შევთხოვთ სამყაროს შემოქმედს მიანიჭოს დღეგრძელობა ერის და ეკლესიის საიმედოდ

2 აგვისტოს პატრიარქის ანგელოზის დღეა.

2 აგვისტოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 9 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. წინასწარმეტყველ წმინდა ილია თეზბიტელის მამამ ჩვენება იხილა: ახალშობილ მის შვილს ანგელოზები ცეცხლის ალში ხვევდნენ და ცეცხლით კვებავდნენ. ილია თეზბიტელმა სიყმაწვილიდანვე თავი უფალს უძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. მან ისრაელის მეფე აქაბი ბაალის კერპთაყვანისმცემლობისთვის ამხილა, რის გამოც დედოფალ იეზაბიელისგან იდევნებოდა. წმ. ილიამ იწინასწარმეტყველა, რომ კერპთაყვანისმცემლობისთვის ქვეყანას ღმერთი გვალვით დასჯიდა. სამწლიანი გვალვის შემდეგ უფალმა წმ. ილიას ლოცვა შეისმინა.

უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით ზეცაში იქნა ატაცებული. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად წინასწარმეტყველ ენოქთან ერთად მოვა და ხორციელ სიკვდილს დაითმენს. საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

ამასთან, ილია ჭავჭავაძე (1837-1907წწ) საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და უწოდა მას წმინდა ილია მართალი

ვულოცავთ პატრიარქს ამ დღეს, შევთხოვთ სამყაროს შემოქმედს მიანიჭოს დღეგრძელობა ერის და ეკლესიის საიმედოდ.

მადლობა თქვენო უწმინდესობავ თითოეული დღისათვის, სიმშვიდისათვის, იმედისათვის, სიყვარულისათვის…

საქართველოს უყვარხარ უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო!

კომენტარები