2 ნოემბერი – წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღე – გილოცავთ წმინდა ბერი გაბრიელის ხსენების დღეს. შეგვეწიოს მართლმადიდებლებს თავისი ლოცვებით

2 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა, მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.

მამა გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა და ახლობლები მას მამის სახელს, ვასილს ეძახდნენ. იგი თბილისის 24-ე ვაჟთა გიმნაზიაში ექვსი წელი სწავლობდა.

გასაოცარ სულიერებას მამა გაბრიელი ბავშვობიდან ამჟღავნებდა. 12 წლისამ კარგად იცოდა სახარება. ჯერ პატარა სენაკი, შემდეგ კი ეკლესია საკუთარ ეზოში თავად ააშენა. კომუნისტურ პერიოდში მისი ეკლესიის დანგრევას რამდენჯერმე შეეცადნენ.
მამა გაბრიელი დასაწყისში ორი წელი სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. 1955 წელს კი ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელ ჩაჩანიძემ იგი მცირე სქემაში ბერად აკურთხა და სახელად მისი სურვილით, წმინდა გაბრიელ ათონელის მსგავსად, გაბრიელი ეწოდა.

მამა გაბრიელს გარკვეულ პერიოდში მღვდელმოქმედება შეჩერებული ჰქონდა. რწმენის გამო კომუნისტურ პერიოდში იგი იდევნებოდა და რამდენჯერმე ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. 1965 წლის 1-ელ მაისს მინისტრთა საბჭოს შენობაზე ლენინის 12 მეტრიანი სურათის დაწვის გამო კი იგი თბილისის #1 იზოლატორშიც მოხვდა.

მამა გაბრიელი 50-იან წლებში ბეთანიელ ღირს მამებს, იოანესა და გიორგის დაუკავშირდა. მამა გიორგი (იოანე) მხეიძე მისი სულიერი მოძღვარი იყო. ღირსი მამა ბოლო წლებში სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწეობდა, სადაც 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი მისი ანდერძისამებრ ჭილობში გაახვიეს და მონასტრის ეზოში დაკრძალეს. მისი საფლავი 2014 წელს 22 თებერვალს გაიხსნა. ამჟამად წმინდანის წმინდა ნაწილები სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარშია დასვენებული.

2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა მამა გაბრიელი (ურგებაძე) და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.

გაბრიელ ბერის ანდერძი

 

-„დიდება ქრისტე ღმერთს. უწმიდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთსა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. უყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს – მართლმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოება და მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია“.

 

კომენტარები