“2008 წლის 9 აგვისტოს თბილისი, პეკინში ოლიმპიური თამაშების მიტოვებას და ჩვენი სპორტული დელეგაციის შინ დაბრუნებას მოითხოვდა!”- თენგიზ გაჩეჩილაძე

– “2008 წლის 9 აგვისტოს თბილისი, პეკინში ოლიმპიური თამაშების მიტოვებას და ჩვენი სპორტული დელეგაციის შინ დაბრუნებას მოითხოვდა!

ნამდვილად ვერ გეტყვით, უბრალოდ დამთხვევა იყო თუ წინასწარ ჩაფიქრებული ფარული პოლიტიკური ავანტურის გამოძახილი, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო ძმათა შორის ორ სისხლისმღვრელ ომში აღმოჩნდა ჩათრეული და ორივე ზაფხულის ოლიმპიური თამაშებს დაემთხვა. თანაც, ორივე აგვისტოთი თარიღდება. ორივე შემთხვევაში მე პირადად ომის დაწყების ამბავი ოლიმპიურ თამაშებზე შევიტყვე, ჯერ ბარსელონაში 1992 წელს, შემდეგ კი პეკინში, სადაც აკრედიტებული ჟურნალისტი ვიყავი “ლელოდან”.
ცხინვალში საომარი მოქმედებები პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს დაიწყო, 2008 წლის 8 აგვისტოს. რატომ მაინცდამაინც ოლიმპიადის დღეებში იწყებოდა საომარი მოქმედებები, ოლიმპიადების ფუძემდებლური პრიციპის – მშვიდობის და მეგობრობის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ?
პეკინში ლამის შარში გავეხვიეთ. თბილისი კატეგორიულად მოითხოვდა საქართველოს დელეგაცია დაუყონებლივ დაბრუნებულიყო სამშობლოში, თვითმფრინავს აგზავნიდნენ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) ქარტიის ქვეთავში “სოკ-ის როლი” ვკითხულობთ: ” სოკი წინააღუდგება სპორტისა და სპორტსმენების პოლიტიკური ან კომერციული მიზნებით გამოყენებას”. გასაგებია, რომ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, ოლიმპიადის დატოვების შემთხვევაში, სანქცია არ ასცდებოდა. კიდევ კარგი, რომ სეოკის გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის, დელეგაციის წევრების ვაჟა შუბლაძისა და ნანა ალექსანდრიას ძალისხმევით, თბილისმა გადაიფიქრა და უკან წაიღო ემოციით, ნაჩქარევად და განუსჯელად მიღებული გადაწყვეტილება.
ოლიმპიადის დღეებში იკრძალება საპროტესტო აქციების გამართვაც. ჩინეთში საქართველოს საელჩომ ამ საქმეში დახმარება საქართველოდან აკრედიტებულ ჟურნალისტებს გვთხოვა – ჩვენ უნდა გამოგვეხატა პროტესტი პეკინში რუსეთის საელჩოს წინ. მანქანით მოგვაკითხეს, მოგცეს ინგლისურენოვანი ტრასფარანტები და რუსეთის საელჩოსთან მოშორებით, მანქანა რომ არ დაფიქსირებულიყო, დაგვტოვეს.
დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ალყა შემოგვარტყა პოლიციმ და იქაურობას გაგვარიდა. არც ვიცოდით, რას გვიპირებდნენ. ბოლოს გამოჩნდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. ისეთი “გაოცებულები” იყვნენ და გამომეტყველებაც ისეთი ჰქონდათ, თითქოს მათ საერთოდ არაფერი იცოდნენ.
პოლიციამ საქართველოს საელჩოს გადასცა ჩვენი თავი.

პეკინი, 2008 წ. გადმობეჭდილია ჩემი წიგნიდან ”ლელო” 80 (2014).” – წერს თენგიზ გაჩეჩილაძე

2008 წლის 9 აგვისტოს თბილისი, პეკინში ოლიმპიური თამაშების მიტოვებას და ჩვენი სპორტული დელეგაციის შინ დაბრუნებას…

Posted by Tengiz Gachechiladze on Sunday, August 9, 2020

კომენტარები