2018 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი წინა წელთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა

საქსტატი ინფორმაციას ავრცელებს:

2018 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი წინა წელთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა.

2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 236.0 ლარი (წლიური ზრდა – 11.3 პროცენტი);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა – 7.4 პროცენტი);
• მშენებლობა – 1 552.0 ლარი (წლიური ზრდა – 5.9 პროცენტი)

2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, კაცების – 1 280.7 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

შარშან სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 271.9 ლარით დაბალი იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს (სამეწარმეო) სექტორში 1 101.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (1 910.1ლარი), ასევე მშენებლობის (1 560.5 ლარი) დარგში ფიქსირდება.

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასმა  1 008.1 ლარი შეადგინა. შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი 1286.4 ლარით ლიდერობს, ყველაზე ნაკლები საშუალო თვიური  ხელფასი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 495 ლარია.

კომენტარები