2020 წლიდან ავტოტრანსპორტის „კატალიზატორით“ აღჭურვა სავალდებულო გახდება

2020 წლიდან ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი, -ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, ტექინსპექტირების რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გამონაბოლქვის შემცველობის კონტროლი, ამასთან პრობლემაა ის , რომ 2020 წლიდან ავტომობილში კატალიზატორის ქონა სავალდებულო ხდება, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ხარისხის კატალიზატორი ფაქტობრივად არ იშოვება.

„ამჟამად გამონაბოლქვში მოწმდება მხოლოდ CO-ს დონის შემცველობა და კვამლიანობის დონე, რაზე მანიპულირებასაც ავტომფლობელები სხვადასხვა გზებით ახერხებენ. 2020 წლიდან ამოქმედდება ასს-ს კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი, რაც უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ვინაიდან, საქართველოს ავტოპარკის დიდ ნაწილს კატალიზური გარდამქმნელი ამოღებული აქვს, მაღალი ხარისხის „კატალიზატორი“ კი, ადგილობრივ ბაზარზე პრაქტიკულად არ იშოვება, მხოლოდ ინტერნეტით არის მისი ყიდვა შესაძლებელი და საკმაოდ ძვირია. მომავალ წელს, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია „კატალიზატორის“ ფასის კიდევ უფრო ზრდა და მომხმარებელთა დიდი ნაწილის მიერ ავტომობილების უხარისხო ე.წ. ჩინური კატალიზატორით აღჭურვა, რომლის ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე თვეს შეადგენს. ამ ეტაპზე უცნობია „კატალიზატორის“ ბაზარზე მიწოდების მხარის მდგომარეობა“, -აღნიშნულია შეფასებაში.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩთან“ თანამშრომლობით ჩაატარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის მეორე ეტაპი, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.

კომენტარები