2020 წლის აბიტურიენტებს მეორე სემესტრის მასალაზე – შინაარსობრივი ცვლილება ტესტებში არ იქნება – სოფიო გორგოძე

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები, გარკვეული გამონაკლისების გარდა, სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ. ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა ან ისტორია. 

-„ეროვნული გამოცდების თემატიკა ძირითადად ორიენტირებულია მონაწილის სააზროვნო უნარების შემოწმებაზე, ამიტომ ტესტების შინაარსობრივი ცვლილება დაგეგმილი არ არის.

აბიტურიენტები ჩვეულებრივ რა ფორმატითაც ემზადებოდნენ, გააგრძელებენ მომზადებას, შინაარსობრივად ამ ეტაპზე არაფერი არ იცვლება. ბევრი კითხვა იყო ბოლო სემესტრის მასალაზე. პროგრამა არ იცვლება იქედან გამომდინარე, რომ ძირითადად სააზროვნო უნარების შემოწმებაზეა ეს ტესტები, შესაბამისად, პროგრამა იგივე რჩება, აბიტურიენტებმა კვლავ უნდა გააგრძელონ მზადება, როგორც აქამდე. ვთხოვ, დამშვიდდნენ, ემოციებს არ აყვნენ, იმაზე კონცენტრირდნენ, რომ იმეცადინონ. რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უზრუნველვყოთ“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ.

2020 წლის 30 აპრილს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება.

ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება. მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.

საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.

კომენტარები