2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულებს უნივერსიტეტები ვეღარ დაადგენენ

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულებს უნივერსიტეტები ვეღარ დაადგენენ. სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საბოლოო დებულება აგვისტოს შუა რიცხვებში, განათლების მინისტრის ხელის მოწერის შემდეგ გამოქვეყნდება.
„გამსვლელი ქულა უნდა დაედგინათ უნივერსიტეტებს, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.
უნივერსიტეტებს გაუჩნდათ იმის შიში, რომ ზოგიერთმა უნივერსიტეტმა ბევრი სტუდენტი რომ მიიღოს, შესაძლოა ძალიან დაწიოს ბარიერი და ამან გამოიწვიოს სწავლის ხარისხის გაუარესება. საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება აღარ იქნა მიღებული. ორ კვირაში დამტკიცდება დებულება, სადაც გაწერილი იქნება 2020 წლის ეროვნული გამოცდების ჩაბარების სტანდარტი“, – აცხადებს სოფიო გორგოძე.
სავალდებულო იქნება ორი გამოცდა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენაში. მესამე საგანს – ისტორიას ან მათემატიკას აბიტურიენტი იმის მიხედვით ჩააბარებს, თუ რა პროფილის ფაკულტეტს აირჩევს.
„თუ ტექნიკური მიმართულებით სურს აბიტურიენტს ჩაბარება – იქნება მათემატიკა, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე ჩააბარებს ისტორიას.
რაც შეეხება სამედიცინოს, აქ ცოტა სხვაგვარად იქნება. მიმდინარეობდა კონსულტაციები სფეროს ექსპერტებთან და სხვანაირი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც საბოლოოდ განათლების მინისტრმა უნდა დაამტკიცოს“, – ამბობს სოფიო გორგოძე.
მეოთხე საგნის დამატების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ გამსვლელ ქულას ვერ აწესებენ, უნივერსიტეტებს მაინც ექნებათ.
მთელ მსოფლიოში, სადაც შეზღუდულია გამოცდების რაოდენობა, სტანდარტი სამი საგნის ჩაბარებას ითვალისწინებს.
„ეს არის უცხო ენა, მშობლიური და მათემატიკა. ეს არის უნივერსალური და ამაზე არავინ დავობს, რადგან ეს სამი საგანი არის ყველაფრის საფუძველი“.
24 ივლისს, ეროვნული გამოცდები დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. აქედან გამოცდებზე 95-პროცენტამდე აბიტურიენტი გამოცხადდა.

კომენტარები