2021 წლიდან რუსეთი ელექტრონულ ვიზებს აამოქმედებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2021 წლის 1 იანვრიდან რუსეთში შესვლის მსურველებისთვის ელექტრონული ვიზების ამოქმედებაზე ბრძანება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული “კომერსანტი” წერს.
ბრძანების თანახმად, ელექტრონული ვიზები ერთჯერადი და მოკლევადიანი იქნება – 16 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ასეთი ვიზის მფლობელებს უფლება ექნებათ რუსეთში შევიდნენ ტურისტული, საქმიანი ან ჰუმანიტარული მიზნებით, ასევე სტუმრად ჩასვლის შემთხვევაში.
“კომერსანტის” ცნობით, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლის მოქალაქეებიც ელექტრონული ვიზებით ისარგებლებენ, არიან: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ევროკავშირის ქვეყნები და ასევე შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები, ასევე შეიძლება სიაში იყოს ახალი ზელანდია. დიდი ბრიტანეთის, კანადისა და აშშ-ის ჩართვა ამ ჩამონათვალში ჯერჯერობით არ იგეგმება.
რუსეთში ელექტრონული ვიზები უკვე მოქმედებს, თუმცა მხოლოდ 8-დღიანი ვიზიტებისა და ქვეყნის შორეულ ოლქებში მიმავალი ვიზიტორებისთვის 18 ქვეყნიდან, მათ შორის ინდოეთიდან, ირანიდან, კატარიდან, ჩინეთიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და იაპონიიდან. ვიზები უფასოდ გაიცემა.
წყარო: www.imedinews.ge