„2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება – ვულოცავ ყველა თბილისელს და არა მარტო თბილისელს, ჩვენი ქვეყნის ამ უდიდეს გამარჯვებას“

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა:

„თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა როგორც კულტურის, ასევე განათლების მიმართულებით.

ეს არის უდიდესი წარმატება, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ახალგაზრდებში წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციისთვის.

იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება – ვულოცავ ყველა თბილისელს და არა მარტო თბილისელს, ჩვენი ქვეყნის ამ უდიდეს გამარჯვებას. ვფიქრობ, ეს არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით ღირსეული წარდგენის ლოგიკური გაგრძელება. ჩვენ შევძელით და მრავალ ქვეყანას ვუამბეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და გავაცანით ჩვენი კულტურა.

2021 წელს ქართული ლიტერატურის მეშვეობით სტუმრების წინაშე ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ფასეულობები. ამ პროცესში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიებიც. გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. გვინდა, ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული სკოლები – ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი პედაგოგები, ჩვენი შვილები. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს მოვლენა არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ქართული კულტურის, ასევე განათლების სფეროსთვის“.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს იუნესკო-ს საქმეთა ეროვნული კომისიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგინეს. თბილისმა გამარჯვება პირველივე ცდაზე მოიპოვა. იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა.

კომენტარები