სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლას მაგდა მაღრაძე ეწვევა

დღეს გორის რაიონის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლას, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ ორგანიზებული კონკურსის “მოვუაროთ სკოლას“ ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ეწვევა.
“სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. სკოლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით განახორციელა. „მოვუაროთ სკოლას“ კონკურსის ფარგლებში ფხვენისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი და დანერგილი მოვლა-პატრონობის მოდელი ერთ-ერთი გამორჩეულია. ის სრულად პასუხობს ფონდის მიერ შემუშავებული მოვლა-პატრონობის რეკომენდაციებს.
კამპანია „მოვუაროთ სკოლას“ ორი წელია, რაც იმართება. მისი მიზანი საჯარო სკოლების მიერ შემუშავებული მოვლა-პატრონობის პოლიტიკის წახალისებაა“, – ნათქვამია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს (კომპაქტს), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.

კომენტარები