ყველა, ვისაც საბჭოური ცხოვრება გვახსოვს, არც მეტი, არც ნაკლები, დავიხოცოთ….

თამარ უჯმაჯურიძე :
ერთმა რომ მითხრა, გული დამწყდა, მაგრამ არ გავბრაზებულვარ – ძალიან ჩემიანია და ზუსტად ვიცი, რომ ვუყვარვარ და მე არანაირად არ მგულისხმობდა.

მერე და მერე, არაერთისგან მოვისმინე იგივე აზრი(ახალგაზრდებისგანაც და ჩემდა გასაკვირად, უკვე ასაკოვნებისგანაც) და მივხვდი, რომ ეს ერთი საერთო აზრია, ქვეყნის განვითარების გეგმა, რომელიც იმდენად უსუსურია, უკომენტაროდ ვერ დავტოვებ:

მოკლედ, საქართველოს რომ ეშველოს, ერთი 20 წელი ყოფილა საჭირო, რომ ყველა, ვისაც საბჭოური ცხოვრება გვახსოვს, არც მეტი, არც ნაკლები, დავიხოცოთ….(აი, რა უნდა ვთქვა?  თაობა, რომელიც მშობლების სიკვდილს ელოდება, რომ ამოისუნთქოს! არაა მთლად კარგი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რას იტყვით?

ძვირფასებო, ჩემი სიკვდილის ხარჯზე თუ აპირებთ ქვეყნის აშენებას და სხვა გეგმა არ გაქვთ, აქვე გეტყვით, რომ ვერაფერს მიაღწევთ. ვერასდროს! თანაც, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გაცილებით მეტხანს ვიცოცხლებთ! ჩვენც ჩვენი მისია გვაქვს ამ სამყაროში! ძალიან დემოკრატიულები კი გავმხდარვართ, თუ ისიც თქვენ უნდა დაგეკითხოთ, რამდენ ხანს შეგვიძლია სიცოცხლით ტკბობა.

ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ჩემი თაობის დამსახურებაა, დღეს აქციების და ამდენი ხმაურის უფლება რომ გაქვთ, თორემ აქციაზე კი არა, ფაბრიკა-ქარხნებში ან კოლექტივში იმუშავებდით ახლა და ხელში ,, კომსომოლსკაია პრავდა” გეჭირებოდათ. დროგამოშვებით საპირველმაისო და საშვიდნოემბრო “პარადებზე” ივლიდით და ხელის ქნევით მიესალმებოდით ცეკას ახალ-ახალ მდივნებს…. აი, ეს იქნებოდა თქვენი აქციები. კიდევ ბევრი შემიძლია გითხრათ და მოგიყვეთ, მაგრამ არაა მთლად კარგი მოსასმენი ამბები და ამჯერად დაგინდობთ…
აი, ასე!

და ბოლოს: ნუ ასწავლით ახალგაზრდებს დაუნდობლობას, ეს ის ძალაა, რომელმაც შეიძლება, სულაც მიმართულება შეიცვალოს და თქვენვე დაგაზიანოთ, თუმცა ამაზე ნაკლებად ვნერვიულობ, ქვეყნის მომავალი მადარდებს

კომენტარები