ოპოზიცია,26 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს-  „იწყება განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე“

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის  აქცია იმართება.

-„ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის. დღეს მოხდა ის, რაც მოხდა ბოლშევიკების მიერ, მოხდა დარბევა ჩვენი ოფისის, ნიკას გატაცება, ადამიანების დაშავება“,-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ  განაცხადა:

-„ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, ერთი ნაბიჯით არ იქნება უკან დახევა, რადგან შეიძლება, საბჭოთა კავშირში გავიღვიძოთ. 9 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბრის არგუმენტი აღარ მუშაობს, ახლა ყველამ მომავლისკენ უნდა იყუროს.

დღეს მოხდა უპრეცედენტო რამ, -გავრილოვის თემაზე აპატიმრებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერს 40 000 ლარის გამო, როცა ამ შენობაში ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავენ და ამას უბრალოდ შეცდომას ეძახიან.  მინდა, მივმართო „ოცნების“ მხარდამჭერებს, -ნუ მიყვებით ინერციას, არგუმენტი, რომ 9 წლის წინათ ეს იყო და ასე შემდეგ, ჩემთვის აღარ მუშაობს, მე მინდა ვიყურო მომავალში, მინდა, ჩემს და თქვენს შვილებთან ერთად ახალი და ძლიერი საქართველო ავაშენო.

ეს მოძრაობა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, დღეს ჩვენთან არის მთელი დემოკრატიული, თავისუფალი მსოფლიოს ყველა ცივილური ადამიანი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე. მოვუწოდებ ხელისფლებას, სასწრაფოდ გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები., დაე, ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი, ამ კრიზისიდან ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. ამას დროზე თუ არ მივაღწიეთ, ქვეყანაში ტანკები მონაგონი იქნება, ჩვენ მარტო 20 პროცენტი კი არ გვექნება ოკუპირებული, მენტალურად გვექნება დაკარგული საქართველო“.

-„დღეს, ნიკა მელია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ერთად აღებული „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურით, მონა მოსამართლეებით.  იწყება განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე“, – განაცხადა  ელენე ხოშტარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

კომენტარები