26 ივლისი მთავარანგელოზი გაბრიელის კრების დღეა

ეს დღესასწაული 8 აპრილს აღინიშნება, ხოლო 26 ივლისს არის ხელმეორე აღნიშნვა, რომელიც XVIII საუკუნეში, მთავარანგელოზი გაბრიელის სახელზე აგებულ ტაძრის დღესასწაულს უკავშირდება.

მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს მთავარანგელოზ გაბრიელს.

მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა, მოსე წინასწარმეტყველს, შესაქმის დაწერა შთააგონა, დანიელ წინასწარმეტყველს გაუცხადა ებრაელი ერის მომავალი; ეცხადებოდა მართალ ანას და ახარებდა ყოვლადწმიდა ქალწულის შობას; მოუშორებლად ახლდა ყრმა მარიამს იერუსალიმის ტაძარში.

მართლმადიდებელი ეკლესია თავის შვილებს მოუწოდებს, სარწმუნოებით ილოცონ წმიდა მთავარანგელოზ გაბრიელისადმი, ითხოვონ მისგან მეოხება და ხილულ და უხილავ მტერთაგან დაცვა.

 

 

კომენტარები