3 მარტი – ხსენება ღირსმოწამე ფილოთეა ათენელისა- ღვთისმოყვარე მშობლების ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ მოევლინა

ღირსმოწამე ფილოთეა (ერობაში – რიგულა) ღვთისმოყვარე მშობლების ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. იგი ათენში დაიბადა 1522 წელს. როცა კეთილმსახურებაში აღზრდილმა ასულმა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი გაათხოვეს. რიგულას მეუღლე, ურჯულო და უხეში კაცი ხშირად სცემდა და ტანჯავდა ცოლს. ქალი მოთმინებით იტანდა შეურაცხოფას და ევედრებოდა უფალს, გონს მოეყვანა მისი ქმარი. სამ წელიწადში წმიდანი დაქვრივდა, რის შემდგომაც მან დაიწყო მკაცრი მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და ღამისთევებით. წმიდა მოსაგრემ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქალთა მონასტერიც დააარსა და მის მკვიდრთაგან პირველმა თავად შეიმოსა მონაზვნობა ფილოთეას სახელით. ამ დროს საბერძნეთი თურქების უღელქვეშ იტანჯებოდა. მრავალი ათონელი ქალი მტერს მხევლებად ჰყავდა ქცეული. ღირსი ფილოთეას ყოველ ღონეს ხმარობდა თანამემამულეთა გამოსახსნელად, ბევრი გამოისყიდა კიდეც. ერთხელ წმიდა დედის სავანეს შემოეხიზნა ოთხი ქალი – ისინი გამოქცეოდნენ ბატონებს, რომლებიც მათგან ქრისტეს უარყოფას ითხოვდნენ. თურქებმა ლტოლვილთა ადგილსამყოფელი გაიგეს, ღირსი დედის კელიაში შეცვივდნენ და სასტიკად გვემეს იგი. შემდეგ წმიდანი ქალაქის თავს მიგვარეს, რომელმაც მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა. მეორე დილით, წმიდა ტუსაღი დაემუქრა, თუ ქრისტიანობას არ უარყოფ, გაგხერხავთო. ღირსი დედა მზად იყო მოწამეობრივი აღსასრულისათვის, მაგრამ ღვთის ნებით შეკრებილმა ქრისტიანებმა მოახერხეს მისი გამოხსნა. მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა ფილოთეამ უფრო გაამკაცრა მოღვაწეობა. გარეუბანში მან დააარსა ახალი მონასტერი და დებთან ერთად აქ განაგრძო მოღვაწეობა. წმიდა დიონისე არეოპაგელის (ხს. 4 იანვარს და 3 ოქტომბერს) დღესასწაულზე თურქებმა შეიპყრეს წმიდანი, მხეცურად აწამეს და ცოცხალმკვდარი მიწაზე დააგდეს. სულთმობრძავი ფილოთეა მონასტრის დებმა მოთქმითა და ტირილით მიასვენეს დაბა კილოგრეზამდე, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1589 წლის 19 თებერვალს. მალე ღვთისმოწამის წმიდა ცხედარი ათენის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

კომენტარები