„30-ზე მეტმა კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი იმ სფეროების მიხედვით, სადაც მოღვაწეობენ, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, მზად არიან, მხარდაჭერა აღმოუჩინონ ჩვენ თანამოქალაქეებს“

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ ბიზნესთან, დისტანციური პირობებით ორგანიზებულ შეხვედრაზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, განიხილეს ამ დროისთვის კერძო სექტორის მხრიდან სოლიდარული აქტივობებისთვის გამოყოფილი რესურსები და ის საჭიროებები, რომელთა მოგვარებაშიც აღნიშნული კომპანიები ჩაერთვებიან.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით, კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს.

შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც შეგროვდება კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი სხვადასხვა რესურსის და მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.  ბიზნესომბუდსმენის აპარატის კოორდინაციით, კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები, კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება.

-„ვესაუბრეთ კომპანიებს, რომლებმაც გამოხატეს მზაობა, დადგნენ სახელმწიფოს და მოქალაქეების გვერდით კორონავირუსთან ბრძოლაში.  ამ ეტაპზე 30-ზე მეტმა კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი იმ სფეროების მიხედვით, სადაც მოღვაწეობენ, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, მზად არიან, მხარდაჭერა აღმოუჩინონ ჩვენ თანამოქალაქეებს. ეს არის სახელმწიფოს და ბიზნესის ეფექტიანი ურთიერთობის მაგალითი. გვჯერა, რომ ყველა ასეთ გამოწვევასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია, სახელმწიფო, ბიზნესი და მოქალაქე იდგეს ერთად. ჩვენ, სამინისტროებთან ერთად, გავაკეთებთ ყველა იმ საჭიროების იდენტიფიცირებას, რომელიც დღეს არსებობს და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით ბიზნესს, რის შედეგადაც, კომპანიებს, გამოყოფილი რესურსების ფარგლებში, ექნებათ შესაძლებლობა, სოლიდარული ინიციატივები ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს მოარგონ. კომპანიები მზად არიან, ჩაერთონ პროცესში დეფიციტური სამედიცინო პროდუქტების მიწოდების კუთხით, ასევე, პროდუქცია მიაწოდონ და გვერდში დაუდგნენ იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც კორონავირუსის წინაშე მოწყვლადები არიან. ასევე, არაერთი ბიზნესია მზად, ფინანსური რესურსი გამოყოს კორონავირუსთან ბრძოლაში,“ – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.

კომენტარები