30 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, ჯამურმა ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა

„ანტიკრიზისული გეგმის პროგრამების დაწყებიდან დღემდე 30 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, ჯამურმა ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა.

მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. რეგისტრაცია გახდა აუცილებელი პირობა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობისთვის. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით და ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამითა და აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ფერმერებს აქვთ, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული აქვთ და ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას მოახდენენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების დაწყებიდან დღემდე, 35 000-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მოახდინა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, ჯამში დარეგისტრირდა 30 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობმა 10 000 ჰა-ზე მეტი შეადგინა.

კომენტარები