„300-ზე მეტ გამოსაცდელს ვუქმნით სპეციფიკურ გარემოს…“ -სოფიო გორგოძემ აბიტურიენტის შეკითხვებს უპასუხა, რომელიც სმენასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, უცხოური ენის მოსმენის დავალების წერითი დავალებით ჩანაცვლებას

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში აბიტურიენტის შეკითხვებს უპასუხა, რომელიც სმენასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, უცხოური ენის მოსმენის დავალების წერითი დავალებით ჩანაცვლებას ითხოვდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა:

-„სამწუხაროდ, მსოფლიოში ცნობილი ვერ ცერთი საგამოცდო ცენტრი ვერ შესთავაზებდა მას წერის დავალების ქულის დაწერას მოსმენის დავალებაში. ეს არსად ხდება. ჩვენ უკვე შევთავაზეთ ყველა ვარიანტი, რაც შესაძლებელი იყო: წამკითხველის დახმარება (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით); საკუთარი სმენის აპარატის შეტანა და ისე მოსმენა, დინამიკთან ახლოს ჯდომა ან კომბინირება, როგორც წამკითხველის, ასევე სმენის აპარატის. პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ფიქრობდა, –  მისთვის არც ერთი შეთავაზება არ იყო ხელსაყრელი, თუმცა ჩვენ მასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, უკვე ორჯერ შევხვდით და ვფიქრობთ, მან გადაწყვიტა ერთ-ერთი ვარიანტი აირჩიოს და ეს სცადოს. უკვე გავავარჯიშეთ კიდევაც. წელს 300-ზე მეტ გამოსაცდელს ვუქმნით სპეციფიკურ გარემოს. მაგალითად, მხედველობადაქვეითებულ აბიტურიენტებს ბრაილის შრიფტით ვუბეჭდავთ, ასევე სპეციალური ხმოვანი პროგრამა იწერება მათთვის, დროს ვუმატებთ, შრიფტს ვუზრდით, გარემო შეიძლება შევცვალოთ – ცალკე ოთახში შეიძლება დავსვათ… ეს პრაქტიკა არსებობს. ვფიქრობ, წელს უფრო დახვეწილი იქნება, ვიდრე შარშან“.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

 აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. 

წელს პირველად გამოცდა ჩატარდება სპეციალური მასწავლებლებისთვის.

2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

კომენტარები