4 აგვისტოს მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეა – სწორედ მარიამ მაგდალინელი იყო ის ადამიანი, რომელსაც გამოეცხადა უფალი

გილოცავთ – 4 აგვისტოს წმიდა მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეა.

4 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მშვენიერი და მომხიბლავი მარიამ მაგდალინელი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარების მიხედვით, მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სნეული მარიამი იესო ქრისტემ განკურნა, ის ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი გახდა.
მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად, მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას – ჯვარცმულსა და დამცირებულს – ყველა მოწაფე შემოეფანტა. სიყვარულითა და მადლიერებით აღვსილი მარიამი მაცხოვრის თანმხლებ დედებთან ერთად, სურნელოვანი ნელსაცხებლებით ხელში პირველი გაეშურა მოძღვრის წმიდა ცხედრისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. სწორედ ის მიეახლა აკლდამას და ჰპოვა “ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან”. შეშინებულმა მარიამმა იესოს მოწაფეებს სიმონ-პეტრესა და იოანეს მაცხოვრის გაუჩინარება ამცნო. შეძრწუნებული მოწაფეები იქაურობას განერიდნენ, მარიამ მაგდალინელი კი აცრემლებული თვალებით დაეძებდა გამოქვაბულში იესოს. სურდა დარწმუნებულიყო რომ ადგილი ცარიელი იყო. ამ დროს მას გამოეცხადა მაცხოვარი და ამცნო: “ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა”.

წმიდა მარიამ მაგდალინელმა ეფესოში შეჰვედრა სული უფალს და იქვე მიაბარეს მიწას. დღეს ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.

მარიამ მაგდალინელი იყო ის ადამიანი, რომელისგანაც უფალმა განდევნა შვიდი ეშმაკი.
სამწუხაროდ ჩვენში გავრცელებულია ცრუ მოსაზრება, თითქოს მარიამ მაგდალინელი იყო მეძავი, სინამდვილეში მარიამ მაგდალინელი იყო სნეული და უფალმა განკურნა იგი.
სწორედ მარიამ მაგდალინელი იყო ის ადამიანი, რომელსაც გამოეცხადა უფალი აღდგომის შემდეგ, აგრეთვე მას უკავშირდება წითელი კვერცხის ტრადიცის დაწყება.
წმინდა მარიამი ეკლესიამ თავისი მოღვაწეობის გამო შერაცხა, როგორც მოციქულთა სწორი წმინდანი.

 

კომენტარები