„5-6 თვის წინ მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო – მანქანაში უნდა ჰქონოდა” – ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში

-„ჩემი შვილი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ელექტროშოკს ატარებდა. ჩემი ვარაუდით, ელექტროშოკი  მანქანაში უნდა ჰქონოდა.

მამამისს სთხოვა,  თუ შეგიძლია ელექტროშოკი მიშოვოო. მამამისმა მოუტანა. რამდენადაც ვიცი, ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე  კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია.

ჩემს შვილს სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა. ჩემს შვილს მანქანაში პოვნის დროს თეთრი ფერის ზედა ეცვა.

ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან როცა გადიოდა,  შავი ეცვა. ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია.

ჩემს თვალზე ცრემლს თუ დაინახავდა, გიჟდებოდა ხოლმე… თავს არ მოიკლავდა, არ გამიმეტებდა ასე“, – განაცხადა გადაცემაში „პოლიტმეტრი“ დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

-„ჩემი  შვილის სიკვდილს უშუალოდ სამსახურს არ ვუკავშირებ. სანამ თამუნას ვეძებდით, კომპანიის დირექტორი დამიკავშირდა. მთხოვა, ამ ამბავში ტელევიზია ჩაერთო.

მარტო სახელი ვიცი, ეგეც თამუნასგან, –  თამუკა ჰქვია, თვითონ მთხოვა ამ ამბავში ტელევიზია ჩამერთო, ტელეფონის ნომერიც კი გამომიგზავნა

მე არავინ არ მიკავშირდება, არ მამცნობსმ გამოძიება რა მიმდინარეობით მიდის. არ ვიცი, რა ვიფიქრო უკვე, სრულიად განადგურებული ვარ, სრულიად ვაკუუმში ვარ, რატომ შეიძლებოდა, ჩემი პატარა, უწყინარი გოგო, რომელიც არავის არაფერს უშავებდა, ასე უღვთოდ მოეკლათ? მე გამოვრიცხავ თვითმკვლელობის ვერსიას, თამუნას უყვარდა სიცოცხლე. ამბიციური ბავშვი იყო, დიდი მიზნები ჰქონდა. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ვერსიასაც კი არ მეუბნებიან, რა ვერსია შეიძლება იყოს. სრულ ვაკუუმში ვარ. 21-ე საუკუნეა, – ამდენი ხანი გავიდა, როგორ შეიძლება რამდენიმე ვერსიაზე მაინც არ მუშაობდეს პოლიცია. რატომ არ მიკავშირდებიან, რატომ არ მაყენებენ საქმის კურსში, ვერ ვიგებ, არ ვიცი. ვის სჭირდება ეს?

არ ვამბობ, უშუალოდ სამსახურში ხდებოდა რაღაც. თამუნა იმდენად ჭკვიანი იყო,  ვფიქრობ, მან ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, თუნდაც სამსახურის საქმეების გარეშე და ამიტომ ხომ არ მოხდა მისი ლიკვიდაცია. არ ვუკავშირებ უშუალოდ მის სამსახურს. არ მინდა ისე მოვკვდე,  ვერ გავიგო, ჩემი შვილი რას შეეწირა“, – განაცხადა დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას პროგრამისტის კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.

ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა:

-„დავიწყებ იმით, რომ შეშფოთებულები და გაოცებულები ვართ თამუნას გაუჩინარებით და მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით მის სახლში დაბრუნებას.

სამწუხაროა, რომ ასეთ დროს გვიწევს ამ სახის განცხადების გაკეთება:

შპს “ზეგ” არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს. დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები. ასევე მოგეხსენებათ, პროგრამისტის სამუშაოს აღწერა საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც კომპიუტერული ენა არ იცის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ რატომ შეიძლება ვერ ახსნა რას აკეთებს კონკრეტულად პროგრამისტი, იგივე დეველოპერი. პანდემიის დაწყებიდან გადავედით მუშაობის ონლიან რეჟიმში და თამუნას ბოლო პროექტი მოიცავდა ჩვენივე თანამშრომლებისთვის ონლიან სისტემის შექმნას, სადაც შევძლებდით თანამშრომლების საათების დათვლას. თამუნამ ეს პროექტი წარმატებით გააკეთა და განაგრძობდა მის მონიტორინგს და ხარვეზების გასწორებას.

რაც შეეხება თამუნას გაუჩინარებას, როგორც ზემოთ ვახსენე, ყველა ჩვენთაგანისთვის მისი გაუჩინარება არის ამოუხსნელი.

თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა.

როგორც უკვე ყველამ ვიცით, თამუნა შაბათს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ხშირად ვეხმიანებით თამუნას ოჯახს, ჩვენვე მივაწოდეთ მათ მედიის ჩართვის იდეა გამოძიების დაჩქარების მიზნით, უპასუხოდ არავის ვტოვებთ და სულმოუთქმელად ველით თამუნას პოვნას“.

კომენტარები