6 სექტემბერი ღირსი სერაპიონ საკვირველმოქმედის ხსენების დღეა

ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი წმიდა იოანე ნათლისმცემლის გარეჯის უდაბნოს მონასტრის წინამძღვარი იყო. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.

ერთხელ ღირსი სერაპიონი მონასტრის ძმებთან ერთად ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალ მსახურებს, რომლებსაც საღმრთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და გაძარცვეს. ისინი უკან გაიქცნენ და, შეწუხებულებმა, წინამძღვარს აუწყეს ყოველი. “დიდია ღმერთი, არ დავანებებ არაწმიდა წარმართებს სიწმიდეების მიტაცებას”, – თქვა წმიდა სერაპიონმა, მოიმარჯვა კვერთხი და მარტო გაედევნა მძარცველებს. ავაზაკებმა როგორც კი დაინახეს სერაპიონი, სახედარი ტვირთით იქვა დატოვეს და თვითონ კლდე-ღრეში მიიმალენენ. შემდგომ ავაზაკებს უთქვამთ: “ვინ იყო ის მონაზონი, რომელიც ჩვენ გამოგვიდგა, რადგან ვნახეთ ცეცხლი, რომელიც მისი კვერთხიდან გამოდიოდაო”.

გამორჩეული საღნოებით მონასტრის წინამძღვარი გახდა. დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმიდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის მოახლოებაც ეუწყა და ძმებს სთხოვა, მისი გვამი ეკლესიის შესასვლელში, მის მიერვე წინასწარ მომზადებულ საფლავში დაემარხათ, რათა ტაძარში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს მისთვის გადაევლო.

წმიდა სერაპიონი 1747 წელს აღესრულა. ანდერძისამებრ ის ტაძრის შესასვლელში დაკრძალეს.

 

კომენტარები