6 სექტემბერი წმიდა სირა ქალწულის ხსენების დღეა

წმიდა მოწამე სირა ქალწული სპარსეთში VI საუკუნეში ცხოვრობდა. იგი ცნობილი ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმის ელიმაიდის ასული იყო. სირა მამამ ქურუმ ქალს მიაბარა აღსაზრდელად. ქალწულმა მისგან მოგვობის ცრუმეცნიერება შეითვისა და ცეცხლის საკერპოს ქურუმი გახდა. ერთხელ ქრისტიან ქალთან საუბრისას ნეტარმა ირწმუნა მაცხოვრის სწავლების ჭეშმარიტება და ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო: სწავლობდა ლოცვებსა და ფსალმუნებს, მარხულობდა და თანდათან ეცნობოდა საღვთო წერილსა და ქრისტიანულ მოძღვრებას.

წმიდანს თავად უფალი გამოეცხადა. სასწაულებრივი ხილვით გაოგნებულმა სირამ  საბოლოო არჩევანი გააკეთა – ეპისკოპოსთან მივიდა და ნათლისღება სთხოვა. მღვდელმთავარმა ქალწულის სურვილის შესრულება გადადო: შიშობდა, მოგვებისთვის ქრისტიანთა დევნის საბაბი არ მიეცა, თან ფიქრობდა, მამის რისხვით შეშინებულმა ასულმა, შესაძლოა, უარყოსო კიდეც ქრისტე. მან სირას ურჩია, ჯერ თავისი სარწმუნოება ნათესავების წინაშე ეღიარებინა.

წმიდა სირამ ჩააქრო სპარსთაგან ღმერთად სახელდებული ცეცხლი მსხვერპლშეწირვის დროს სამსხვერპლო დაანგრია და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ქრისტიანი იყო. განრისხებულმა მამამ საშინლად სცემა წმიდანი და საპყრობილეში ჩააგდო. მეორე დღეს მამამისი ფერებითა და საჩუქრებით ეცადა ასულის გადაბირებას, მაგრამ ურყევი იყო წმიდანის გადაწყვეტილება. მაშინ მამამ წმიდა მოწამე მთავარ ქურუმსა და მმართველს გადასცა. მარტვილს დიდხანს აწამებდნენ დილეგში, მაგრამ, უფლისგან განმტკიცებულს, მაცხოვრის სასოება ოდნავადაც არ განელებია.

ერთხელ სირამ მოისყიდა საკანის მცველები, ეპისკოპოსთან მივიდა და მოინათლა. წამებით მოუძლურებული წმიდანი სასიკვდილოდ დაავადდა. იგი შესთხოვდა უფალს, სნეულებით არ მოეკლა და მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გაეხადა. ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივ განკურნა.

საღსალამათი ქალწული რომ იხილეს, საკნის მცველმა და ციხისთავმა გადაწყვიტეს, ძალა ეხმარათ მასზე, მაგრამ ზეგარდმო სასჯელმაც არ დააყოვნა: ერთი ლოგინად ჩავარდა, მეორეს კი სული აღმოხდა. წმიდა სირას დახრჩობა გადაუწყვიტეს.

სასიკვდილო სასჯელი განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით აღასრულეს – დროდადრო თოკს უშვებდნენ და მარტვილს ეკითხებოდნენ, გადაწყვეტილება ხომ არ შეგიცვლია და ცოცხლებში დარჩენა ხომ არ გსურსო. სულთმობრძავი ქრისტეს ტარიგი უარით პასუხობდა და ითხოვდა, განაჩენის სისრულეში მოყვანა დაეჩქარებინათ.

სირას სხეული დასაგლეჯად ძაღლებს მიუგდეს, მაგრამ მათ სიწმიდეს პირი არ დააკარეს. უფლის სათნომყოფელის წმიდა ცხედარი ქრისტიანებმა მიწას მიაბარეს.

 

 

კომენტარები