Facebook-მა ტრამპის პოსტი წაშალა, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ კორონავირუსი ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე გრიპი

სოციალური ქსელი Facebook-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი წაშალა რომელშიც მან განაცხადა, რომ კორონავირუსი ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე სეზონური გრიპი.

აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის პოსტი აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე გააზიარა, რის შემდეგაც Twitter-ის ადმინისტრაციამ იგი, როგორც დეზინფორმაციის შემცველი მონიშნა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში საქმიანობის გაჩერება არ იგეგმება.

„გრიპის სეზონი ახლოვდება! ვაქცინის მიუხედავად, ყოველ წელს ბევრი ადამიანი, ზოგჯერ 100 000-ზე მეტიც კი გრიპისგან იღუპება. გავაჩერებთ ქვეყანას? არა, ჩვენ გრიპთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ ისევე, როგორც კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ, რომელიც მოსახლეობის უმეტესობაში გაცილებით ნაკლებად მომაკვდინებელია“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

საავადმყოფოში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც 2 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თეთრ სახლში დაბრუნდა. იგი მკურნალობას თეთრ სახლში განაგრძობს.

კომენტარები