IRI-ის კვლევა – „რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში“

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები „IPM“-ის მიერ ჩატარდა. მონაცემები სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით შეგროვდა, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით:

კითხვაზე – „რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში“, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 26% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“, 9% „პატრიოტთა ალიანსს“, 8%  „გირჩს“.

გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, –   არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას პარტია „გაერთიანებულ საქართველოს“, 5%-მა – „ლეიბორისტული პარტია“ დაასახელა, 5-5%-მა – „მოქალაქეები“ და „ევროპული საქართველო“, 4%-მა – პარტია „სამართლიანობისთვის“, 4%-მა – პარტია „ლელო“, 2-2%-მა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“, 1 %-მა დაასახელა სხვა პარტია, 6%-მა – არც ერთი, 26%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს ან არ იცის.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები