UNESCO-მ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა
UNESCO-მ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში 2019 წლის ივნისში გაიმართა.
პროგრამა ფოკუსირებულია ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. როგორც UNESCO-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ფართომასშტაბურ აქტივობას. პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა ბიბლიოთეკები, გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის, წარმოდგენილი იქნება ციფრული პროექტები წიგნების თამაშებად გადასაქცევად და საქართველოს პირველი გამომცემლობის აღსადგენად.
ღონისძიებების მთავარი მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და ყველა სოციალური ფენისთვის წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2021 წელს, მსოფლიო წიგნის დედაქალაქის ფარგლებში ღონისძიებები წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, ანუ 23 აპრილს დაიწყება. ქალაქები, რომლებიც UNESCO-ის მიერ მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დასახელდება, საკუთარ თავზე იღებენ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას და მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებების ორგანიზებას.