„ამდენი ხანია ვფიქრობ, რა დავწერო მასზე და ენა არ მიბრუნდება, თითები არ მიშვებს რომ ავკრიფო ტექსტი“- გია ბაღაშვილი

-„სულ რამდენიმე საათში უნდა მივაბაროთ მშობლიურ მიწას ჩვენი კახი კავსაძე. ამდენი ხანია ვფიქრობ, რა დავწერო მასზე და ენა არ მიბრუნდება, თითები არ მიშვებს რომ ავკრიფო ტექსტი. ყოველი სიტყვა ყალბია იმ გულის ჩაწყვეტასთან, სიცარიელესთან და ტკივილთან, რასაც ახლა განვიცდი. განა არ ველოდი?! ველოდი, ისე როგორც ყველა, მაგრამ არ მეთმობოდა. თან კახიმ ყველაზე მაგრად იცოდა ბრძოლა, მათ შორის, სიცოცხლისთვის. ჯერ თავისი უსაყვარლესი ბელას სიცოცხლის გასახანგრძლივებლად იბრძოლა თავდადებითა და თავგანწირვით, შემდეგ – საკუთარი. ბოლო წლებში 13 ოპერაცია გადაიტანა, არ შეეპუა არც ონკოლოგიურ დაავადებას, კოვიდიც დაამარცხა…ჰო და მეგონა კიდევ გაიმარჯვებდა…სულ ჩვენთან ვერ იქნებოდა, მაგრამ ცოტა ხანი მაინც…რომ დავრეკავდი ისევ ისე შეეძახა ტელეფონში: “ოოოოო, ეს ვისი ხმა მესმის, როგორ ხარ ჩემო გია, ჯემალი რას შვრება…”კახი ზეიმი იყო!.. დღესასწაული!..სიცოცხლის აფეთქება!..ქართველი კაცის კეთილშობილება და ვაჟკაცობა!…არტისტი იყო!!! სულ სხვა, ამაღლებულ აზრს დებდა ამ სიტყვაში. სხვანაირად წარმოთქვამდა კიდეც – რიდით, სიყვარულით, აღმაფრენით… ხალხის მსახურებასა და ღმერთის მიმართ მადლიერებას ამოიკითხავდი მის ამ დამოკიდებულებაში. არავისგან მიგრძვნია მაყურებლის მიმართ ასეთი მოწიწება და მადლიერება, როგორც კახისგან! არც ღვთის სიყვარული და რწმენა მინახავს ასეთი უბრალო, მართალი და სიხარულით სავსე. პატრიარქმა თავზე ხელი დამადო, დამლოცა, მითხრა ყველაფერი კარგად გექნება, ჩავედი გერმანიაში, ექიმებმა გამსინჯეს და სიმსივნის კვალი ვეღარსად ნახესო – აღტაცებით გვიყვებოდა ყველას, ნაცნობსაც და უცნობსაც… მთელი ცხოვრება სიკეთესა და სიყვარულს აფრქვევდა და სიკეთისა და სიყვარულის რწმენას გინერგავდა თავისი არსებობით. დაკრძალვის დღეს, დაპირდა თავის განუყრელ მეგობარს, გივი ბერიკაშვილს, მალე მოვალო და არც აქ გატეხა სიტყვა! ღმერთმა გაანათლოს კახი კავსაძის სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!“
კომენტარები