ახმეტაში, სეტყვისგან დაზარალებული სოფლების მოსახლეობა ყურძნის ჩაბარებას მუნიციპალიტეტის ღვინის ქარხანაში ხვალ დილიდან შეძლებს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა, რომელიც სეტყვისგან დაზარალდა, დაზიანებულ ყურძენს ხვალ დილიდან ახმეტის ღვინის ქარხანას უპრობლემოდ ჩააბარებს, – ამის შესახებ „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა.

ღვინის მწარმოებელი ქარხანა მოსახლეობას დაზიანებული ყურძენში, წინასწარი ინფორმაციით, 80 თეთრს გადაუხდის.

„სტიქიის ზონაში ადგილზე ჩავედით და ვითარებას გავეცანით. დაახლოებით 150-დან 200 ჰექტრამდე ვენახები დაისეტყვა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახმეტაში სასწრაფოდ გავხსნათ ქარხანა, სადაც სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება ოპერატიულად მოხდება“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

საღამოს მოსულმა სეტყვამ ახმეტის სოფლებში ძირითადად ვენახები დააზიანა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ყურძნის მოსავლის 30-დან 40%.

დაზარალებულ სოფლებში ყურძნის კრეფა ხვალ დილიდან დაიწყება.

კომენტარები