თემურ ჭყონია: „მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ…“

14 ივნისს პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, რონალდუმ პრესკონფერენციაზე „კოკა-კოლას“ ორი ბოთლი გვერდზე გადადო, ხალხს მოუწოდა, წყალი დაელიათ. 15 ივნისს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, პოგბამ „ჰაინეკენის“ ლუდი გადადო გვერდზე.

ამის გამო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორის, “კოკა-კოლას” აქციებზე ფასი 1.6%-ით დაეცა $55-მდე და სამშაბათს მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით $4 მილიარდით იყო შემცირებული.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, თემურ ჭყონია პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელს აკრიტიკებს.

-„ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია “კოკა-კოლა”. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას “კოკა-კოლას” და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”,- განაცხადა თემურ ჭყონიამ, რომელიც “კოკა-კოლასა” და “მაკდონალდსის” ფრანჩაიზს ფლობს, “ბიზნეს ფორმულასთან” საუბარში.

მას შემდეგ, რაც რონალდუს საქციელის ამსახველმა 30-წამიანმა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა, ჩემპიონატის ორგანიზატორმა UEFA-მ განმარტა, რომ ფეხბურთელებს პრესკონფერენციაზე “კოკა-კოლასა” და “კოკა-კოლა ზეროს” გარდა, წყალსაც ახვედრებენ, რათა მოერგონ მათ გემოვნებას. ანალოგიური ქცევა გაიმეორა “მანჩესტერ იუნაიტედის” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, პოლ პოგბამაც, როცა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე არაალკოჰოლური “ჰეინეკენის” ბოთლი გადადო მაგიდიდან.

წყარო: ბიზნეს ფორმულა 

კომენტარები